ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა გორში სკოლა გაარემონტეს

ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა გორის მე-4 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობა დაასრულეს. განახლებული სკოლის პრეზენტაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.

პროექტი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპული სარდლობის მიერ დაფინანსდა და აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიერ განხორციელდა.როგორც თავდაცვის სამინისტროდან იუწყებიან,  „ჰუმანიტარული სამოქალაქო დახმარება“ საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„ნებისმიერი წვლილი, რომელსაც განათლებაში შევიტანთ ფასდაუდებელია. ეს საქართველოს მომავალში ჩადებული ინვესტიციაა“, – განაცხადა ნიკოლას ბერლინერმა გორში განახლებული სკოლის გახსნისას.

სკოლის სარემონტო სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის (CIMIC) ოფიცრები და საინჟინრო ბრიგადის 12 ინჟინერი მონაწილეობდა. პროექტის ფარგლებში საქართველოში აშშ-ის საჰაერო ძალების 435-ე ქვედანაყოფის 7 ინჟინერი და 457-ე სამხედრო- სამოქალაქო თანამშრომლობის(CIMIC) ბატალიონის სამი ოფიცერი ჩამოვიდა. გორის მე-4 საჯარო სკოლაში განახლდა სპორტული დარბაზი, შეიღება დერეფნები, გაკეთდა პანდუსი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის, შემოიღობა სკოლის შიდა ეზო. ასევე, განხორციელდა სახურავის დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაცია, გაკეთდა სარინელი, გარე კარები, სარდაფში ჩასასვლელი კიბის მოაჯირი. დაგეგმილია ლიფტის მოწყობა, რითაც სკოლის ადაპტირება დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად