ქართველი სპორტსმენების შედეგები რიოს ოლიმპიურ თამაშებზე

რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გუშინ ოფიციალურად დაიხურა. საქართველოს სახელით სპორტის 13 სახეობაში 40 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ქართულმა დელეგაციამ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შედეგი ხარისხობრივად დააუმჯობესა, 207 ქვეყანას შორის მედლების რაოდენობითა და ხარისხით 38-ე ადგილი დაიკავა და რიოში 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

"აიპრესი" გთავაზობთ ქართველი ოლიმპიელების შედეგებს:

მშვილდოსნობაში როგორც გუნდურში, ასევე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მონაწილეობას 3 ქართველი ოლიმპიელი, ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე იღებდნენ. გუნდურ ორთაბრძოლაში ქართველი მშვილდოსნები მერვედფინალში მექსიკის ნაკრებთან დიდი უპირატესობით, ანგარიშით 6:0 დამარცხდნენ და ოლიმპიადას გამოეთიშნენ. ინდივიდუალურ შეჯიბრში ქართველი მშვილდოსნები ასევე პირველივე წრიდან გამოეთიშნენ ტურნირს – ხათუნა ნარიმანიძე უკრაინელ სპორტსმენთან 1:7 დამარცხდა, იულია ლობჟანიძემ დაძაბულ ორთაბრძოლაში მექსიკელ მშვილდოსანთან 4:6 დათმო შეხვედრა, ხოლო ყველაზე დასანანი მარცხი ქრისტინე ესებუას ჰქონდა, იგი ინდოელ სპორტსმენს დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:6 დამარცხდა.

ძიუდოში კაცთა შორის 7 წონით კატეგორიაში 7-ვე ლიცენზია ჰქონდათ მოპოვებული ქართველ სპორტსმენებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტ მედალს ქართველი გულშემატკივარი სწორედ ძიუდოისტებისგან ელოდა. პირველ დღეს შეჯიბრი მსუბუქ წონით კატეგორიაში, -60 კგ.-ში გაიმართა, სადაც ამირან პაპინაშვილი ასპარეზობდა. პაპინაშვილმა ტურნირი კარგად დაიწყო, მეოთხედფინალში კი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეტოქეს, იაპონელ ნაოჰისა ტაკატოს იპონით სძლია. თუმცა ნახევარფინალში რუს სპორტსმენთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძო ბრძოლა, სადაც 1 იუკოთი დამარცხდა უზბეკ მოწინააღმდეგესთან.

მეორე საშეჯიბრო დღეს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი -66 კგ. წონით კატეგორიაში ჩაერთო. სამწუხაროდ ვაჟა სლოვენიელ მეტოქესთან იპონით დამარცხდა და ტურნირს პირველივე შეხვედრიდან გამოეთიშა.

მესამე დღეს -73 კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა იასპარეზა, რომელმაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების შემდეგ -66-დან -73-ში გადაინაცვლა. ლაშამ მეოთხედფინალური შეხვედრა 2016 წლის ოლიმპიურ ჩემპიონთან, შოჰეი ონოსთან შეხვედრა ვაზარით დათმო და დამამშვიდებელ რაუნდში გადაერთო. რეპეშაჟში ლაშამ რუსი დენის იარცევი დაამარცხა, 8 აგვისტოს გამარჯვება განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ჟესტით აღნიშნა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა განაგრძო. ბრინჯაოზე შავდატუაშვილს ისრაელელი საგი მუკის გამარჯვება არ გასჭირვებია და ქართულ დელეგაციას პირველი მედალი მოუტანა.

შეჯიბრში მეოთხე დღეს -81 კგ. წონით კატეგორიის ლიდერი, ქართული დელეგაციის მედროშე, ავთანდილ ჭრიკიშვილი ჩაერთო. ჭრიკიშვილმა ნახევარფინალამდე გზა მარტივად გაიარა, ნახევარფინალშიც ამერიკელ მეტოქეს, რომელთანაც 6 შეხვედრიდან 5-ში გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, გაფრთხილებით ამარცხებდა, თუმცა სტივენსმა ქართველი სპორტსმენი შეცდომაზე დაიჭირა და მახრჩობელა ილეთი გაუკეთა, სადაც ავთო მალევე დანებდა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ავთომ შეხვედრა 1 იუკოთი იაპონელ ტაკანორე ნაგასესთან დათმო.

მეხუთე დღეს -90 კგ. წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი ჩაერთო. ლიპომ ფინალამდე მარტივად მოახერხა გასვლა, ფინალში კი იაპონელ მეტოქეს დაუპირისპირდა. მაშუ ბეიკერთან ვარლამმა შეხვედრა 1 იუკოთი დათმო და საქართველოს მეორე, ვერცხლის მედალი მოიტანა. დასამახსოვრებელია ემოციური დაჯილდოვების ცერემონია, სადაც ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი ცრემლებით მიიღო. მეხუთე დღეს მონაწილეობას საქართველოს სახელით -78 კგ. წონით კატეგორიაში ესტერ სტამი იღებდა. მან პირველი შეხვედრა მოიგო, თუმცა მერვედფინალში ტურნირს გამოეთიშა.

მეექვსე დღეს -100 კგ. წონით კატეგორიაში ახალგაზრდა ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი ჩაერთო. ბექამ პირველი ორი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, თუმცა მეოთხედფინალში ფრანგ ცირილ მარესთან ვაზარით დამარცხდა და დამამშვიდებელ რაუნდში გადაერთო, სადაც იაპონელ რიუნოსუკე ჰაგასთან ერთი გაფრთიხლებით დათმო და პირველ ოლიმპიადაზე მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

მეშვიდე დღეს კი მძიმე წონაში ადამ ოქრუაშვილი ასპარეზობდა, რომელიც პირველივე წრეში იაპონელ სპორტსმენს შეხვდა და გაფრთხილებით დამარცხდა.

ტყვიის სროლაში ოლიმპიადის ისტორიაში პირველად დედა-შვილმა ერთად იასპარეზა. ეს უნიკალური შემთხვევა კი საქართველოდან იყო. ცოტნე მაჭავარიანმა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის ლიცენზია პირველად მოიპოვა და 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში 29-ე ადგილი დაიკავა. 50 მეტრზე სპორტული პოსტოლეტით სროლაში კი მე-15 ადგილი დაიკავა და ფინალში გასასვლელად სულ რაღაც 4 ქულა დააკლდა. ნინო სალუქაძეს კი სპორტული პისტოლეტით ფინალში გასვლამდე 7 ქულა დააკლდა. პნევმატური პისტოლეტით ქართველმა ტყვიის მსროლელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე შედეგი აჩვენა და ფინალში გავიდა, სადაც 14 ქულა მოაგროვა და მეექვსე ადგილზე გავიდა.

400 მეტრზე თავისუფალი სტილით მოცურავემ, ირაკლი რევიშვილმა კი დისტანცია 4:00:56 წუთში დაფარა და ოლიმპიადაზე 45-ე ადგილი დაიკავა. 100 მეტრზე ცურვაში თეონა ბოსტაშვილმა კი 1:22:91 წუთში დაფარა დისტანცია და 43-ე ადგილს დასჯერდა.

ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა 8 საუკეთესოში მოხვდა და ფინალში გავიდა, სადაც მერვე ადგილს დასჯერდა.

სიგრძელე ხტომაში ქართველმა ათლეტმა ბაჩანა ხორავამ კი 7.7 მეტრი დააფიქსირა და 32 მონაწილეს შორის 19-ე ადგილი დაიკავა. სამწუხაროდ ბაჩანა ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა.

ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება ბოლო მომენტში, მაშინ როდესაც საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციამ რუსეთის ძალოსანთა ნაკრები რიო 2016-დან მოხსნა, მოიპოვა. ანასტასიამ 248 კილოგრამის დაძლევა მოახერხა და B ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. საერთო მაჩვენებლით კი გოტფრიდი მე-12 ადგილზე გავიდა.

სამმაგ ხტომაში მძლეოსანი ლაშა თორღვაიძე ასპარეზობდა, რომელმაც სამწუხაროდ შედეგის დაფიქსირება ვერ მოახერხა.

ძალოსნობაში კაცთა შორის 105 და +105 კგ წონით კატეგორიაში 3 ქართველი ოლიმპიელი მონაწილეობდა. ახალგაზრდა გიორგი ჩხეიძე მწვრთნელების გადაწყვეტილებით წავიდა, რათა მას ოლიმპიდაზე ასპარეზობა მოესინჯა და გამოცდილება დაეგროვებინა. ლაშა ტალახაძისა და ირაკლი თურმანიძისგან კი გულშემატკივრები მედლებს ელოდნენ. ირაკლი თურმანიძემ 448 კილოგრამი დააფიქსირა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბრინჯაოს მედალი მოეპოვებინა. ლაშა ტალახაძემ კი ორჭიდში მსოფლიო რეკორდი მოხსნა 473 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამრიგად კვარცხლბეკზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ორი ქართველი სპორტსმენი ავიდა.

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდოაბაში პირველ დღეს 75 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა ზურაბ დათუნაშვილმა, რომელიც პირველივე წრეში ყაზახ ფალავანთან დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა.

მეორე დღეს 130 კგ და 85 კგ წონით კატეგორიებში იაკობ ქაჯაია და რობერტ კობლიაშვილი მონაწილეობდნენ. ქაჯაია მეოთხედფინალში გავიდა, თუმცა შეხვედრა რუს სერგეი სემიონოვთან 5:0 დათმო და ოლიმპიადას გამოეთიშა. რობერტ კობლიაშვილი კი ოლიმპიადას მერვედფინალიდან გამოეთიშა.

მეორე დღეს რევაზ ნადარეიშვილი მერვედფინალში დამარცხდა, შმაგი ბოლქვაძე კი ნახევარფინალში, თუმცა ამ უკანასკნელმა ბრინჯაოს მედლისთვის განარძო ჭიდაობა და საქართველოს მესამე მედალი მოიპოვა კიდეც.

საქართველოსთვის ტურნირის აღმოჩენა იყო ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე, რომელმაც კანოე სპრინტში საკვალიფიკაციო ეტაპი დასძლია, ნახევარფინალში თავის გაცურვაში პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ფინალში კი ცუდი სტარტის მიუხედავად, ზაზა მესამე ადგილს ინარჩუნებდა, ბოლოს კი როგორც თავად აღნიშნა, ძალა აღარ ეყო და ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენმა ქვეყანამ კანოე სპრინტში პირველად მოიპოვა ლიცენზია.

კიდევ ერთი აღმოჩენა იყო მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც ასევე პირველია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ფარიკაობაში ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა. სანდრომ პირველ შეხვედრაში დიდი უპირატესობით მასპინძელი, ბრაზილიელი რენზო აგრესტა ანგარიშით 15:3 დაამარცხა. მერვედფინალში კი ოლიმპიურ ჩემპიონ კორეელ კიმ ჯუნგ-ვანთან დაძაბული შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 14:15 დათმო.

ბირთვის კვრაში საქართველოს სახელს ბენიკ აბრამიანი იცავდა, რომელმაც ბირთვი 18.72 მეტრზე ისროლა და ასპარეზობა 31-ე ადგილზე დაასრულა. კიდევ ერთი მძლეოსანი, სიმაღლეზე მხტომელი ვალენტინა ლიაშენკო იყო, რომელმაც 1.80 მეტრი დააფიქსირა და 32-ე ადგილი დაიკავა.

ჩოგბურთში პირველივე წრეში ძლიერ მეტოქესთან, ურუგვაელ პაბლო კუევასთან დაძაბულ ორთაბრძოლაში სამი სეტის ჯამში დამარცხდა ნიკოლოზ ბასილაშვილი.

მხატვრულ ტანვარჯიშში საქართველოს სახელს სალომე ფაჟავა იცავდა. რომელმაც პირველივე ვარჯიშზე ფეხი იტკინა, თუმცა ყველა ვარჯიში ბოლომდე შეასრულა, საკვალიფიკაციო ეტაპი მე-14 ადგილზე დაასრულა და ოლიმპიადიდან გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ გურზებით გამოსვლა სალომემ რაჭული მუსიკის ფონზე შეასრულა.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ქართველმა ფალავნებმა ყველა წონით კატეგორიაში მოიპოვეს ლიცენზია. პირველ დღეს რიოს ოლიმპიადაზე იაკობ მაქარაშვილი და ლადო ხინჩეგაშვილი წარსდგნენ. სამწუხაროდ იაკობ მაქარაშვილი ოლიმპიადას მეოთხედფინალში გამოეთიშა. ხინჩეგაშვილმა კი საკვალიფიკაციო ეტაპი დამაჯერებლად გაიარა, ფინალში კი იაპონელ რეი ჰიგუჩის დაუპირისპირდა. ფინალში საკმაოდ მძიმე ბრძოლა გაიმართა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება ქართველ ფალავანს დარჩა, რომელმაც საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

მეორე დღეს სანდრო ამინაშვილი და გენო პეტრიაშვილი ჭიდაობდნენ. ამინაშვილი ოლიმპიადას მერვედფინალიდან გამოეთიშა. პეტრიაშვილი კი მეოთხედფინალში დამარცხდა, თუმცა მისი მეტოქე, ირანელ კომიელ გასემი ფინალში გავიდა და გენომ რეპეშაჟში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. რეპეშაჟში ქართველმა მძიმეწონოსანმა ფალავანმა კანადელი კორეი ჯარვი დიდი ანგარიშით 9:2 დაამარცხა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ამერიკელი მეტოქე დიდი უპირატესობით 31 წამში 10:0 დაამარცხა.

მესამე დღეს კი ელიზბარ ოდიკაძე და ზურაბ იაკობიშვილი ასპარეზობდნენ. იაკობიშვილი ოლიმპიადას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, ოდიკაძე კი ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძო ჭიდაობა, სადაც აშკარა უპირატესობით რუმინელ ალბერტ სარიტოვთან დამარცხდა და ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთე ადგილი დაიკავა.

მარათონში ჩართული იყო დავით ხარაზიშილი, რომელმაც ოლიმპიადა 72-ე ადგილზე დაასრულა.

ცნობისთვის, 36-ე ზაფხულის ოლიმპიადაზე მედლების მოპოვება 207 ქვეყნიდან 78-მა მოახარხა. მოპოვებული მედლების რაოდენობითა და ხარისხით ჩვენმა ქვეყანამ 38-ე ადგილი დაიკავა და უკან ისეთი ქვეყნები ჩამოიტოვა, როგორებიც ავსტრია, ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ფინეთი, პორტუგალია, ნორვეგია, მექსიკა, ირლანდია, რუმინეთი, ჩეხეთი, ბელარუსი, სლოვენია და ა.შ. არიან.

ფოტოს ავტორი თამარ ყულუმბეგაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად