ქართველი სამეფო დინასტიის წარმომადგენლების სასამართლო პროცესი იწყება

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

მამა-შვილმა, ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებმა ყოფილ ქმარს და სიძეს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლეს.

სარჩელის მოთხოვნა კი ასეთია – აეკრძალოს ყოფილ ქმარს და სიძეს  საქართველოს სამეფო სახლის სახელის გამოყენება.

როგორც „აიპრესთან“ ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატი ლევან გორელიშვილი აცხადებს, ხვალ სასამართლოში ისტორიკოსები როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზურები გამოიკითხებიან.

„ჩვენი მოთხოვნაა, მას აეკრძალოს გამოიყენოს საქართველოს სამეფო სახლის სახელი. ის ყოფილი სიძეა და მას არ აქვს უფლება ისაუბროს ოჯახის სახელით. ჩვენ ჯარიმის დაკისრებას არ ვითხოვთ.

ზიანის ანაზღაურებას ვითხოვთ სიმბოლური 1 ლარით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფაქტი დადგინდეს, რადგან მან თავისი ქმედებით ჩრდილი  მიაყენა სამეფო სახლს“, – განაცხადა „იპრესთან“ ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი  ყოფილი ცოლისა და სიმამრის სარჩელს არ სცნობს, – ამის შესახებ „აიპრესთან, მისმა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, რომ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საშიშროება,  სასამართლო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

„არ ვცნობთ სარჩელს, ვთვლით რომ ამ საქმის წარმოება არის ძალიან დიდი სირცხვილი. უბრალოდ უხერხულია. ჩვენ რომ არ ვიდგეთ დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაშე, ამ პროცესში მონაწილეობასაც არ მივიღებდით. ეს არის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი, მონარქის იდეის დისკრედიტაციაა. საზოგადოებას ამ პროცესთან დაკავშირებით უკიდურესად ნეგატიური პოზიცია აქვს, მოვუწოდებთ მოწინააღმდეგე მხარეს, გაიხმოს სარჩელი და შეწყვიტოს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ბაგრატიონების გვარის შეურაცხყოფა“.

შეგახსენებთ, ანა ბაგრატიონ -გრუზინსკიმ  და დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა 2009 წლის 8 თებერვალს, წმინდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერეს.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, გავრცელა ინფორმაცია, რომ ანა და დავითი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ოფიციალური განცხადება ამის შესახებ არ გავრცელებულა. წყვილს ვაჟი გიორგი შეეძინა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გიორგი ბაგრატიონი ნათლობის დღეს, 2013 წლის 3 ნოემბერს, ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოაცხადა.

მიუხედავად არაოფიციალური ინფორმაციისა, აღნიშნული სარჩელით ოფიციალურად დასტურდება რომ სამეფო წყვილი განქორწინებულია.

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...