ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გადასროლისწინა დასკვნითი მომზადების მიზნით გერმანიაში გაემგზავრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიისთვის“ მოსამზადებლად გერმანიაში გაემგზავრა. ქართველი მშვიდობისმყოფელები საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ ალექსეევკას სამხედრო
აეროდრომიდან გააცილა.

მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში, ბაზა „შვარცენბორნზე” ავღანეთში გადასროლისწინა დასკვნით მომზადებას პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებში 5 თვის განმავლობაში გაივლიან. გერმანელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით ქართული ქვედანაყოფი როგორც ოცეულის, ასევე ასეულის დონეზე, კომბინირებულ და სიტუაციურ სწავლებებში მიიღებს მონაწილეობას.

ქართველი მშვიდობისმყოფელები სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ. ქართული ქვედანაყოფი როტაციის წესით მე-3 ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების საკითხები და ოპერაციის რაიონის პატრულირება იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად