ქართველი იუნიორი მოფარიკავეები უნგრეთში მსოფლიო თასზე ასპარეზობდნენ

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ხმლით მოფარიკავე იუნიორთა შორის მსოფლიო გათამაშება მიმდინარეობს.

თასის გათამაშებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 307 მონაწილეს შორის სამი საქართველოდანაა – ლიკა ჯიჯეიშვილი, ვაჟა რეჭია და ნიკა შენგელია.

154 მოფარიკავე ვაჟი თავდაპირველად 22 ჯგუფში გადანაწილდა. ჯგუფში 6-დან 4 შეხვედრაში გაიმარჯვა (ჩხვლეტების თანაფარდობა 27:15) და მესამე იყო ნიკა შენგელია, ხოლო ვაჟა რეჭიამ ექვსივე შეხვედრა მოიგო (30:16). ამის შემდეგ ნიკა შენგელია სამოცდამეოთხედფინალურ შეხვედრაში რუმინელ გეორგ დრაგომირთან შეხვედრაში 9:15 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ვაჟა რეჭიამ ბრძოლა ოცდამეთორმეტედფინალიდან განაგრძო და დიდ ბრიტანელი ჯულიან რიჩარდ II-ს 15:9 სძლია. მეთექვსმეტედფინალში ვაჟამ იტალიელი მათია რეა დაამარცხა 15:13 და მერვედფინალში გავიდა. მორიგი მეტოქის, დიდ ბრიტანელი იან რენის ზღუდე ვაჟამ ვეღარ დასძლია, 8:15 დამარცხდა და საბოლოოდ მე-10 ადგილზე გავიდა.

153 მოფარიკავე ქალი ასევე 22 ჯგუფად გადანაწილდა სამოცდამეოთხედფინალისტების გამოსავლენად. ლიკა ჯიჯეიშვილმა ჯგუფურ ეტაპზე სძლია რუს ანა ვანკოვას (5:1), ფრანგ ანნაჰ კუდერს (5:1), უნგრელ ვირაგ კობრას (5:1), გერმანელ ლიზა რუეტგერს (5:1), პოლონელ კლაუდია მანგრემს (5:2), დამარცხდა იტალიელ ჯულია ალპინოსთან (4:5) და ჩხვლეტების უკეთესი თანაფარდობით (29:11-თან ჯულია ალპინოს 28:16-ის საპირისპიროდ) ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

სამოცდამეოთხედფინალში ლიკამ ავსტრიელ გუჩის 15:4 მოუგო, ოცდამეთორმეტედფინალში მასპინძელ მარია მატეი 15;10 სძლია, მეთექვსმეტედფინალში კი უკრაინელ ოლექსანდრა ბონდარს ოთხი ჩხვლეტის უპირატესობით მოუგო – 15:11.

იმარჯვა ლიკამ ფრანგ კოლინ სუზანთან მეტად დაძაბულ მერვედფინალურ შეხვედრაშიც – 15:14 და რვა უძლიერსთა შორის მოხვდა. ნახევარფინალში გასასვლელ ორთაბრძოლაში კონტინენტის ჩემპიონ, გერმანელ ლიზა გეტთან ლიკა 11:15 დამარცხდა.

მაალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...