ქართველ მეზღვაურებს თურქი გემთმფლობელი სახელფასო დავალიანებას აუნაზღაურებს

27 ნოემბერს ბათუმში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება შეხვედრა გემ “ალიჯან კარტალი”-ს ეკიპაჟის ქართველ წევრებთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

შეხვედრას დაესწრებიან მხარეები, რომლებიც გემის ქართველი მეზღვაურებისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართულები. შეხვედრაში მონაწილეობენ დაესწრებიან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, აჭარის ა.რ. მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დავითაძე და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის თავმჯდომარე ანატოლი ჩიჯავაძე.

გემი “ალიჯან კარტალი” სხვადასხვა პრობლემების გამო 2018 წლის ივლისიდან დღემდე ბათუმის ნავსადგურში დგას. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე თვეების განმავლობაში არ უხდიდა სახელფასო დავალიანებას ეკიპაჟის წევრებს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო პირველივე დღეებიდან აქტიურ მონაწლეობას იღებს მეზღვაურთა სახელფასო დავალიანების საკითხის მოგვარების პროცესში. გემთმფლობელთან მოლაპარაკებებში სააგენტოსთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, აჭარის ა.რ. მთავრობა და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირები.

ჩართული მხარეების აქტიურობის შედეგად 26 ნოემბერს მიღწეულ იქნა შეთანხმება და გემის მფლობელი მეზღვაურებს სახელფასო დავალიანებას შეთანხმების პირობების შესაბამისად აუნაზღაურებს.

მნიშვნელოვანია, რომ მეზღვაურთა საერთაშორისო პროფკავშირისა (ITF) და საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირის დახმარებით მოხერხდა ეკიპაჟის უცხოელი წევრების (გემზე იმყოფებოდა ირანელი, უკრაინელი და ინდოელი მეზღვაურებიც) დაბრუნება მათ სამშობლოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად