ქართველ ძიუდოისტთა კატასტროფული მარცხი ოსაკაში (ვიდეო)

იაპონიაში დასრულდა ძიუდოისტთა ტურნირი ოსაკას გრან სლემზე.

შვიდი წონიდან იაპონელებმა ექვსში მოიპოვეს ოქროს მედლები, მათვე ხვდათ წილად სამი ვერცხლი და ექვსი ბრინჯაო და ეს შედეგი ბევრად ნაკლებად გასაკვირი ჩანს საქართველოს ნაკრების ძიუდოსტთა სრული კატასტროფის ფონზე.

მოკლედ შეგახსენებთ, რომ 60-66-73-81კგ წონით კატეგორიებში ქართველთა საუკეთესო მაჩვენებელი 66 კგ წონაში ვაჟა მარგველაშვილი რეპეშაჟის ნახევარფინალში გასვლა იყო. ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) ტატამზე არ გასულან და, როგორც ძიუდოს ფედერაცია გვამცნობს, ეს მათი ტრავმების გამო მოხდა, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილმა (81 კგ) მხოლოდ საწყისი შეხვედრა მოიგო.

დღეს ქართველთაგან სულ მცირე ორ მედალს ელოდებოდა ყველა და წონის რეიტინგ-ლიდერებს – გურამ თუშიშვილს და ვარლამ ლიპარტელიანს წინ თითქოს არანაირი საშიშროება არ ელოდათ, მაგრამ სრულიად მოულოდნელად გურამი პირველივე შეხვედრაში ვეტერან ნიდერლანდელ ძიუდოისტთან, ჰენკ გროლთან დამარცხდა. შეხვედრის დასრულებამდე წუთით და 12 წამით ადრე გურამმა თავის წამოწყებული ილეთის დროს გაუშვა ვაზარი, მუხლი იტკინა და შემდეგ, ბრძოლა კი გააგრძელა, მაგრამ ვეღარაფერს გახდა და გამოეთიშა ასპარეზობას.

100 კგ წონაში ვარლამ ლიპარტელიანს პირველი შეხვედრა ყაზახ ადილხან კოზიბაიევთან ჰქონდა. შეხვედრის დაწყებიდან 41 წამის შემდეგ მსაჯებმა ორივე მეტოქე შიდოთი დასაჯეს, კიდევ 51 წამის შემდეგ ადიხანმა ვაზარი აუღო ვარლამს. შეხვედრის დასრულებამდე წუთით და 27 წამით ადრე მან კიდევ ერთი შიდო მიიღო. დაიწყო ბოლო წუთი და მსაჯებმა ვარლამს მისცეს შიდო. თითქმის მაშინვე ლიპარტელიანმა მეტოქე ვაზარზე დააგდო, იქვე შებოჭვა წამოიწყო და მსაჯებმა იპონი დააფიქსირეს.

მეორე შეხვედრა ვარლამს ბრაზილიელ რაფაელ ბუზაკარინთან ჰქონდა. შეხვედრის ძირითად დრო უილეთოდ და 26-ე წამზე ლიპარტელიანისთვის მიცემული შიდოთი მიილია, ოქროს დროში კი ვარლამი თავის წამოწყებული ილეთის დროს ტატამს მეტოქეზე წამით ადრე შეეხო და მსაჯებმა ბრაზილიელს ჩაუთვალეს ვაზარი.

უმედლოდ დასრულდა 90 კგ წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანის გამოსვლაც, თუმცა უნდა ითქვას, რომ მან ტოლი არ დაუდო არავის.

ავსტრალიელ სებასტიან ტემეშთან შეხვედრის დაწყებიდან წუთის და 38 წამის შემდეგ უშანგის მიერ შესრულებული გდება მსაჯებმა იპონით შეაფასეს. მეორე შეხვედრაში იაპონელ მაშუ ბეკერთან მარგიანს შიდო ჰქონდა მიღებული და შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 46 წამი რჩებოდა, როდესაც მსაჯებმა იპონი დააფიქსირეს მის სასარგებლოდ. მესამე შეხვედრა უშანგის ჩეხ დავიდ კლემერტთან ჰქონდა. მეტოქეებმა ჯერ ძირითად, შემდეგ კი ოქროს დროში, რიგრიგობით მიიღეს შიდოები, ოქროს დროის დაწყებიდან 2 წუთის მიწურულს კი მარგიანმა ვაზარი შეასრულა და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალურ შეხვედრაში იაპონელ სოიჩირო მუკაისთან ძირითადი დრო უილეთოდ, მარგიანის ორი შიდოთი დასრულდა, ოქროის დროის 24-ე წამზე კი უშანგის წამიერი მოდუნებით ისარგებლა სოიჩირომ და ვაზარით გაიმარჯვა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა უშანგის იაპონელ სანჩირო მურაოსთან ჰქონდა. იაპონელის მიერ წუთსა და 8 წამში მიღებულ ორ შიდოს ძირითადი დროის ამოწურვამდე უშანგის მიერ მიღებული ასევე ორი შიდო მოყვა, ოქროს დროის დაწყებიდან 25-ე წამზე კი უშანგმა თავის საყვარელი ილეთი, წელში შევარდნით და გდებით, წამოიწყო და დასცა კიდევაც მეტოქე, მაგრამ მსაჯებმა მას წესების დარღვევით წელში შესვლა დაუდგინეს და გამარჯვება იაპონელს მიანიჭეს.

ამრიგად, ქართველ ძიოდოსტთა საუკეთესო შედეგი ოსაკას გრან სლემზე უშანგი მარგიანის მე-5 ადგილია.

90-100 და +100 კგ კატეგორიებში მედლები მოიპოვეს:

90 კგ
ოქრო – სოიჩირო მუკაი;
ვერცხლი – ნოელ ვან ტენდი (ნიდერლანდები);
ბრინჯაო – სანჩირო მურაო და ედუარდ ტრიპელი (გერმანია).

100 კგ
ოქრო – აარონ ვოლფი (იაპონია);
ვერცხლი – შადი ელნეჰასი (კანადა);
ბრინჯაო – კენტარო იდა (იაპონია) და ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია).

+100 კგ
ოქრო – ჰენკ გროლი (ნიდერლანდები);
ვერცხლი – ლუკას კრპალეკი (ჩეხეთი);
ბრინჯაო – ტამერლან ბაშაევი (რუსეთი) და კოკორო კაგეურა (იაპონია).

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად