ქართველ ძიუდოისტებში ტრავმიანობა ვირუსივით გავრცელდა (ვიდეო)

იაპონიაში, ოსაკას გრან სლემზე დღეს 73-81 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოდიოდნენ ტატამზე.

73 კგ წონაში საქართველოს ნაკრებიდან წონის რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ ლაშა შავდათუაშვილს, მაგრამ დღეს ის ტატამზე არ გასულა. ძიუდოს ფედერაციის ფეისბუქ-გვერდის თანახმად, მან ტრავმა მიიღო და გართულებების თავიდან ასაცილებლად ტატამზე გამოსვლას აარიდა თავი. მათივე თქმით, 60 კგ წონით კატეგორიაში განაცხადში მყოფი ლუხუმ ჩხვიმიანის ტრავმის გამო არ გამოვიდა შეჯიბრებაზე.

“აიპრესი” უკვე წერდა, რომ 16-18 ნოემბერს ჰააგის გრან პრიზე ზებედა რეხვიაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა ტრავმები მიიღეს და მათგან მხოლოდ ვარლამმა შეძლო ტატამის დამოუკიდებლად დატოვება, ზებედა და ავთანდილი კი სანიტრებმა საკაცით გაიყვანეს. მიუხედავად ამისა, სამივე მათგანი იაპონიაში გაემგზავრა. ჭრიკიშვილი წილისყრამდე დაბრუნდა იაპონიიდან – მარცხენა მუხლის მყესის დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა და, როგორც ჩანს, მას სულ მცირე ერთი თვე დასჭირდება მკურნალობისთვის. ამ დილამდე მოსალოდნელი იყო, რომ ზებედა რეხვიაშვილი მიიღებდა მონაწილეობას შეჯიბრში, თუმცა ტატამზე ლაშა შავდათუაშვილის მსგავსად ისიც არ გასულა და მიზეზად იაპონიაში ვარჯიშზე მიღებული ტრავმა სახელდება.

შედეგად, საქართველოს ნაკრების სამი წევრიდან დღეს ტატამზე მხოლოდ ერთი – ნუგზარ ტატალაშვილი ჰყავდა. ნუგზარმა პირველი წრეში ყირგიზ ერლან შეროვს უილეთო შეხვედრაში სამი შიდო მიაღებინა, მაგრამ შემდეგი შეხვედრა ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტთან შეხვედრის დასრულებამდე 51 წამით ადრე გაშვებული ვაზარით დათმო და გამოეთიშა ასპარეზობას.

73 კგ წონაში ოქრო შოჰეი ონომ (N25), ვერცხლი მასაში ებინუმამ (N65), ბრინჯაო კი კიდევ ერთმა იაპონელმა, არატა ტაცუკავამ (N34) და შვედმა ტომი მაგიასმა (N3) მოიპოვა.

81 კგ წონაში მედლები ასე განაწილდა: ოქრო – ტაკეში სასაკი (იაპონია), ვერცხლი – კენია კოჰარა (იაპონია), ბრინჯაო – ტაკამორი ნაგასე (იაპონია) და ვედატ ალბაირაკი (თურქეთი). ამ უკანასკნელმა რეპეშაჟის ფინალში ტაკაში სააკისთან დამარცხებულ პორტუგალიელს, ანრი ეგუტიძეს სძლია.

ხვალ ტატამზე 90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები გამოვლენ.

90 კგ წონაში უშანგ მარგიანთან (N14) ერთად მედლებისთვისთვის იბრძოლებენ: კუბელი ივან ფელიპე სილვა-მორალესი (N5), სერბი ნემანია მაჯდოვი (N10), ყაზახი ისლამ ბოზბაიევი (N15), გერმანელი ედუარდ ტრიპელი (N17), ბრაზილიელი რაფაელ მაცედო (N20), ნიდერლანდელი ნოელ ვან ტენდი (N22), იაპონელები სოიჩირო მუკაი (N35), მაშუ ბეკერი (37), სანშირო მურაო (N74), გოკი ტაჯიმა 9n96) და სხვები იქნებიან.

100 კგ წონაში ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად (N1) მედლები მოპოვების მთავარი ფავორიტები არიან: ნიდერლანდელი მიხაელ კორელი (N2), პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა (N6), ისრაელელი ბენჟამენ ფლეტჩერი (N10), მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი (N16), შვედი ჯოაკიმ დვარბი (N23), და იაპონელები – აარონ ვოლფი (N5), კენტარო იიდა (N22), რიუნოსუკე ჰაგა (N71) და იუსუკე კუმაშირო (ურეიტინგი).

+100კგ წონით კატეგორიის ფავორიტის, გურამ თუშიშვილის ძირითადი მეტოქეები არიან: ჩეხი ლუკას კრპალეკი (N2), მონღოლი დუურენბაიარ ულზიბაიარი (N4), ავსტრიელი სტეფან ჰეგი (N6), კორეელი სუნგმინ კიმი (N7), ბრაზილიელი რაფაელ სილვა (N9), ყირგიზი იური კრაკოვეცკი (N10) და იაპონელები – კოკორო კაგეურა (N8), ჰისაიოში ჰარასავა (N16), ტაკეში ოჯიტანი (N18) და იუსეი ოგავა (N30).

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად