ქართული ტრადიციული პროდუქტების შესახებ ფოტოგამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება მოეწყო

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, „მსოფლიო სურსათის დღე“ აღნიშნეს. ღონისძიების ყურადღების ცენტრში მოექცა ტრადიციული ქართული პროდუქტები, რომლებსაც საერთაშორისო ხარისხისა და ადგილწარმოშობის ეტიკეტი – გეოგრაფიული აღნიშვნა (GI – Geographical Indication) აქვს მინიჭებული. ინფორმაცის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„მსოფლიო სურსათის დღე“ გაეროს კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. წელს, იგი მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნა. ამ დღეს, FAO მთელ მსოფლიოს მოუწოდებს, რომ სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებით, კიდევ უფრო მიუახლოვდეს გაეროს მდგრადი განვითარების მეორე მიზანს – შიმშილის აღმოფხვრას დედამიწაზე და ჯანსაღი საკვების საყოველთაო ხელმისაწვდომობას. ამ გლობალური მიზნის მხარდასაჭერად, FAO ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ENPARD პროგრამასთან და EBRD-თან ერთად, საქართველოში მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს სასურსათო სისტემების მიმართულებით, ადგილობრივი ტრადიციებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებით.

ღონისძიება ლევან დავითაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და რაიმუნდ იელემ, საქართველოში FAO-ს წარმომადგენელმა გახსნეს. როგორც იელემ აღნიშნა, FAO აქტიურად მუშაობს მსოფლიოში საკვების ხელმისაწვდომობისა და ჯანსაღი კვების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით. ამ პროცესში კი, მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი, ტრადიციული პროდუქტების შენარჩუნება და მათი მწარმოებლების მხარდაჭერა.

,,სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ხარისხიანი საკვების ხელმისაწვდომობას; ცოდნასა და ტრადიციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამყაროში, სადაც საკვების წარმოება ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის კლიმატის ცვლილება და შეზღუდული ბუნებრივი რესურსები“, – განაცხადა რაიმუნდ იელემ.

ღონისძიების ფარგლებში ჟურნალ National Geographic-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი „უნიკალური ქართული გემო“ ქართული GI პროდუქტების შესახებ მომზადდა. მასში სულგუნისა და თუშური გუდის ყველის წარმოების იმ ტრადიციებსა და გემოვნურ თვისებებზეა საუბარი, რომლებიც მხოლოდ მათი წარმოშობის რეგიონისთვისაა დამახასიათებელი და ბუნებრივ ფაქტორებზე – მცენარეთა და ცხოველთა სახეობებზე, კლიმატსა და ნიადაგზე, ასევე ადგილობრივთა ცოდნაზეა დამოკიდებული. ღონისძიების ფარგლებში ქართული სამზარეულოს, ტრადიციული კერძების, პროდუქტებისა და მათი შემქმნელების შესახებ ფოტოგამოფენაც მოეწყო. გამოფენისთვის National Geographic-ის Your Shot ფოტოკონკურსის – „მშობლიური გემო“ – საუკეთესო ნამუშევრები შეირჩა. ღონისძიების ბოლოს კონკურსის საუკეთესო ფოტოების ავტორების დაჯილდოება გაიმართა მსოფლიო სურსათის დღეზე FAO-ს დაარსების დღეც აღინიშნება. ორგანიზაცია 74 წლის წინ დაარსდა და დღეს მსოფლიოს 194 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად