ქართული “პონჩიკები” VS ამერიკული დონატები

13 იანვარს საქართველოში კიდევ ერთი უცხოური ბრენდი Dunkin’ Donuts-ი შემოვიდა. თბილისში ამერიკული რესტორნის ორი ქსელი ერთდროულად გაიხსნა. ამოქმედებიდან 1 კვირაში, კი კომპანიამ მარაგის ამოწურვის შესახებ განცხადება გაავრცელა. როგორც რესტორნების ქსელის მმართველ კომპანია, "ვისოლ ჯგუფის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული 23 და 24 იანვარს დონატები აღარ გაიყიდება, რადგან რამდენიმე სპეციფიური ინგრედიენტის მარაგი ამოიწურა. საჭირო პროდუქტები ამერიკიდან უკვე გამოიგზავნა. 1 დონატის ფასი რესტორნების ქსელში 1 ლარი და 70 თეთრია.

"დანქინ დონატსის" მიმართ საზოგადოებაში არსებული დიდი ინტერესის და რესტორნებთან რიგების მიუხედავად, კომპანიის ეს ნაბიჯი სოციალურ ქსელებში მარკეტინგულ სვლად შეაფასეს. 

ამერიკული დონატების გამოჩენამდე, კი ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებული პოპულარობით, ისტორიული ლაღიძის "პონჩიკები" სარგებლობდა. უკვე ერთი კვირაა, რაც "ლაღიძის წყლებმა" ახალი ფილიალი გლდანში გახსნა, რომლის მენიუსაც სწორედ "ლაღიძის პონჩიკები" დაემატა. პონჩიკის ფასი 1 ლარია, როგორც ქსელის ადმინისტრაციაში აცხადებენ პონჩიკები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რასაც "ლაღიძის" ბრენდის პოპულარობით ხსნიან. თავად კომპანიის მფლობელი თორნიკე ლაღიძე, კი "აიპრესთან" საუბარში აცხადებს, რომ ბაზარზე მათ კონკურენტი არ ჰყავთ. რაც შეეხება ამერიკულ "დანკინ დონატს",  ლაღიძის განცხადებით, მისი არსებობის შესახებ არც გაუგია.

კიდევ ერთი ისტორიული ადგილი, სადაც ქართველებს ფუნთუშის დაგემოვნება შეუძლიათ, ფუნიკულიორის რესტორანია. ერთი პონჩიკის ფასი რესტორანში 85 თეთრია. როგორც რესტორნის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი, ანა ნაჭყებია "აიპრესთან"  საუბარში აცხადებს, მათი პონჩიკი დონატებისგან რადიკალურად განსხვავდება. მისივე თქმით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში გაყიდვების შემცირებას ადგილი არ ჰქონია, რადგან რესტორნის ქსელიდან პონჩიკის დაგემოვნების გარეშე არც ერთი სტუმარი არ მიდის. რესტორანში, მაღალი გაყიდვების მაჩვენებელს პონჩიკის ნაცნობ, ძველ გემოს უკავშირებენ.

"დანქინ დონატსთან" ირიბ კონკურენციაზე საუბრობენ "სახაჭაპურე N1"-ში. როგორც რესტორნის ქსელის დირექტორი აცხადებს, მათი "ფუნჩულას" ფასი 90 თეთრია და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიუხედავად ირიბი კონკურენციისა, ლევან ლურსმანაშვილის განცხადებით, მათ ქსელში დესერტების 30% სწორედ "ფუნჩულაზე" მოდის.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...