ქართული ორკესტრისა და ბრიტანული ბენდის ერთობლივი მარში (ფოტორეპორტაჟი)

ევროპის მოედანზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა და ბრიტანულმა სამხედრო ბენდმა The Salamanca Band & Bugles of The Rifles მუსიკალური წარმოდგენა გამართეს. 

ბრიტანულმა ბენდმა მეტეხის ხიდზე მუსიკალური კომპოზიციების თანხლებით მარშირება მოაწყო, შემდეგ კი სამხედრო მარშები და თანამედროვე მუსიკის შედევრები შეასრულეს. მუსიკალურ წარმოდგენას თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, თბილისის მერი დავით ნარმანია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი დაესწრნენ.
„მსოფლიოში ხშირად ტარდება ფესტივალები. ჩვენ ვცდილობთ, მომავალი წლისთვის უკვე ვიყოთ სრულფასოვანი მონაწილეები ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალის. ნებისმიერი ასეთი ტიპის ღონისძიება სასარგებლოა ორი ქვეყნის ურთიერთობებისთვის. აქედან წასული ადამიანები, რა თქმა უნდა, საკუთარ ქვეყანაში საქართველოს შესახებ კარგ ამბებს მოჰყვებიან. კარგია, რომ მხოლოდ თბილისში არ ტარდება ეს კონცერტი და ისინი რამდენიმე ქალაქს მოივლიან. იმედი მაქვს, რომ იქ მოსახლეობას ექნება ინფორმაცია დროულად და მოახერხებენ მონაწილეობა მიიღონ და დაესწრონ ამ ძალიან ლამაზ ღონისძიებას“. – განაცხადა მინისტრმა.
გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდი საქართველოში 10 სექტემბრამდე დარჩება და კონცერტებს გამართავს თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია. რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ორკესტრი სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...