ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე – 2015 წლის ჯილდოები

2015 წელს, ქართული ბიზნესისა და მსოფლიოს ყურადღების ერთ-ერთი მთავარი საგანი ქართული ღვინო იყო.

ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენაში Interwine Guangzhou 2015 ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია იღებდა მონაწილეობას: "ბესინი", "ასკანელი ძმები", "ბაგრატიონი 1882", "თელიანი ველი", "დუგლაძეების კომპანია", "კახური ღვინის მარანი", "მეღვინეობა ხარება", "თელავის ღვინის მარანი" და "ბატონო". ოქროს მედლები 5 ქვეყნის 16 საუკეთესო ღვინომ დაიმსახურა. მათ შორის იყო ქართული ღვინის კომპანია "თელედა"-ს ქვევრის ღვინო – "თელედა – ქარვისფერი მშრალი", 2011 წლის მოსავალი.

საერთაშორისო კონკურსზე Decanter World Wine Awards, ქართულმა ღვინომ 20 მედალი – 4 ვერცხლი და 16 ბრინჯაო აიღო. ყველაზე მეტი მედალი Schuchmann Wines Georgia-ს და "თელიანი ველის" ღვინოებმა დაიმსახურა.

ჯაყელების წარმოებული საფერავი, მსოფლიოს ხარისხის კონვენციამ (World Quality Commitment Convention) ოქროს კატეგორიაში შეიყვანა. აღნიშნულ კომპანიას, პროდუქცია, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გააქვს, მათ შორის, ინგლისში, შვეიცარიაში, იტალიასა და პოლონეთში.

ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე – HKTDC – Hong Kong International Wine and Spirits Fair 2014 – კომპანიის "კახური ღვინის მარანი" ღვინომ "საფერავი 2011" ორი უმაღლესი ჯილდო (გრანპრი ნომინაციაში "საუკეთესო რეგიონალური ღვინო აღმოსავლეთ ევროპაში" და ოქროს მედალი) მოიპოვა. ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ამავე კომპანიის ღვინო "მუკუზანი 2011".

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, ღვინის მე-13 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა EnoExpo 2015 გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა ქართული ღვინის მწარმოებელი 11 კომპანია: "თელავის ღვინის მარანი", "თელიანი ველი", "ვაზიანი", "მეღვინეობა ხარება", "ასკანელი ძმები", "კორპორაცია ქინძმარაული", "კახური", "ბესინი", "ტყუპების საღვინე მარანი", "შატო თელავი" და "ტიბანელი". გამოფენის ფარგლებში გამართულ კონკურსზე, კომპანია "ამირან ვეფხვაძის" ღვინომ "კრახუნა 2013" ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ქართულმა ღვინოებმა ტოკიოში ღვინის საერთაშორისო კონკურსში "საკურა" ორმაგი ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. წელს საკურაზე ქართული ღვინოები პირველად წარსდგა და ადგილობრივ ექსპერტთა შორის უკვე მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. სულ ოთხი საპატიო ადგილის – ბრილიანტის, ორმაგი ოქროს, ოქროს, ვერცხლისა და რამდენიმე სპეციალური ნომინაციის გამარჯვებულები გამოვლინდა. კომპანია "ლუკასის 2012 წლის გურულ ჩხავერს" ორმაგი ოქროს, ხოლო "თელავის მარნის 2013 წლის მწვანე-ქისს" (კონდოლი) – ვერცხლის მედლები ერგო.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ზაჯანგის პროვინციის ქალაქ იუს ცენტრალურ უბანში ქართული ღვინის სახლი გაიხსნა, სადაც მშრალი, ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინოების ოცდაათამდე სახეობა იქნება წარმოდგენილი. ქართული ღვინის სახლი ჩინელმა ბიზნესმენმა ჰია ოჯუნიმ გახსნა, რაც ქართული ღვინის უნიკალურობისა და გამორჩეული საგემოვნო თვისებების გამო გააკეთა.

ქართული ღვინო, ყურადღების მიღმა არც უცხოურ მედიას დარჩენია. 2015 წელი განსაკუთრებით აქტიური წელი გამოდგა ქართული ღვინის უცხოურ მედიაში პოპულარიზაციისათვის. წელს ქართული ღვინის შესახებ წერდა ისეთი გავლენინანი უცხოური მედიასაშუალებები, როგორებიცაა CNNi-ი, National Geographic-ი, Bloomberg-ი, Independent-ი და Washington Post-ი.

ჟურნალმა National Geographic გამოაქვეყნა ცნობილი მოგზაურის, პოლ სალოპეკის სტატია "ვაზის სული": საქართველოში მეცნიერება იკვლევს მეღვინეობის ფესვებს. სტატიაში ავტორი საუბრობს ვაზის კულტივირების სიძველეზე საქართველოს მიწაზე, თუ როგორ აყენებდნენ ძველი ქართველები ღვინოს ქვევრებში და როგორ არის დღემდე შენარჩუნებული ამ უძველესი ჭურჭლის დამზადების ხელოვნება. ავტორი ქვევრს აღიქვამს, როგორც საქართველოს სიამაყის, ერთიანობისა და სიძლიერის სიმბოლოს, რომელიც ხაზს უსვამს მევენახეობა-მეღვინეობისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულებას.

ტელეკომპანია CNN-მა კი, ქართული ღვინის შესახებ სპეციალური გადაცემა THE SILK ROAD: Past, Present, Future მოამზადა და საქართველოს "მსფლიოს ღვინის აკვანი" უწოდა.

საინფორმაციო პორტალ Bloomberg-ის თავისუფალმა ჟურნალისტმა ელინ მაქქოიმ კი, ქართული ღვინო "ხოხბის ცრემლები" მსოფლიოს საუკეთესო იმ ღვინოებს შორის დაასახელა, რომელიც 50 აშშ დოლარზე იაფი ღირს.

ბრიტანული independent.co.uk-ის მიერ დასახელებულ მსოფლიოს საუკეთესო ნარინჯისფერ ღვინოებს შორის ქართული "თბილღვინო" პირველ ადგილზე მოხვდა. ნარინჯისფერი ღვინო ახალი კატეგორიაა, რომელსაც ფერის გამო დაერქვა სახელი და არა შემადგენლობის. "თბილღვინოს ქვევრის ნარინჯისფერი" ერთადერთი ქართული ღვინო არაა, რომელიც აღნიშნულ რეიტინგში მოხვდა. სიის მეათე ადგილზე, კიდევ ერთი ქართული ღვინო, რამაზ ნიკოლაძის ცოლიკოური გავიდა. Washington Post-მა, თავის მკითხველს 5 ქართული ღვინო გააცნო. Washington Post-ის რჩეულ ქართულ ღვინოებს შორის მოხვდა "ჯაყელების საფერავი", "ორგოს საფერავი", "თელიანი ველის წინანდალი", "ორგოს ქისი", "ხოხბის ცრემლების რქაწითელი".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად