“ქართული ჩაისა და თაფლის პროდუქციას ექსპორტის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს”

თბილისობის ღონისძიების ფარგლებში, 17-18 ოქტომბერს, თბილისში, რიყის პარკში ჩაისა და თაფლის ფესტივალი იმართება.

ფესტივალი სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, თენგიზ სვანიძემ გახსნეს. 

"ქართული ჩაისა და თაფლის პროდუქციას ექსპორტის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ აღნიშნული დარგების ხელშეწყობის პროგრამები. მეფუტკრეობის ხელშემწყობი პროგრამა უკვე დაწყებულია, რაც შეეხება მეჩაიეობის ხელშეწყობას, სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტი ეკონომიკურმა საბჭომ მოიწონა და სავარაუდოდ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება.

პროგრამის ფარგლებში, ჩაის პლანტაციების გაშენება-რეაბილიტაცია დაახლოებით 5 ათას ჰა-მდე ფართობზე იგეგმება. დარგის უფრო ეფექტიანად განვითარებისთვის მეჩაიეობის მიმართულების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წახალისებაც მოხდება", – აღნიშნა ოთარ დანელიამ.

“ჩაისა და თაფლის ფესტივალი 2015-ში მონაწილეობენ ჩაისა და თაფლის ადგილობრივი და იმპორტიორი 15-მდე კომპანია. 

ფესტივალის ფარგლებში, ჩაის პროდუქცია ქვეყნის მასშტაბით ყველა მეჩაიეობის რეგიონიდან (აჭარა, გურია, სამეგრელო, იმერეთი) არის წარმოდგენილი. გაიმართება ჩაის, თაფლის და მეფუტკრეობის პროდუქციის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, ჩატარდება კონკურსი საუკეთესო შავი და მწვანე ჩაის გამოსავლენად. გამარჯვებულებს სპეციალური დიპლომები და საჩუქრები გადაეცემათ. ფესტივალის სტუმრებს ადგილობრივი წარმოების ხარისხიანი ჩაისა და თაფლის დაგემოვნების და შეძენის საშუალება ექნებათ.

ჩაისა და თაფლის ფესტივალი მეჩაიეობისა და მეფუტკრეობის დარგის ხელშეწყობას და წახალისებას ისახავს მიზნად. უკვე რამდენიმე წელია ფესტივალი ტრადიციულად თბილისობის ღონისძიების ფარგლებში ტარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად