ქართუ ბანკი: Biletebi.ge-ს მომსახურებას ვუწევთ, რადგან საუკეთესო პირობები გვაქვს

BILETEBI.GE -ს სკანდალი გრძელდება. ორდღიანი მოლაპარაკებებისა და გარკვეული ვადების მიცემის შემდეგ, კონკრეტული პასუხი მაინც არ არის. პოზიცია, ოპოზიცია და გულშემატკივრები კვლავ ბილეთების გარეშე რჩებიან.

საქმე გენინსპექციამდეც მივიდა, რომელიც საფეხბურთო სკანდალში შსს-ს მაღალჩინოსნის როლს შეისწავლის.

შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის დავით მიზანდარი თანამდებობაზე დანიშვნის საქმეს შსს-ს გენერალური ინსპექცია სწავლობს, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტან გომელაურმა განაცხადა.

ჰქონდა თუ არა დავით მიზანდარის მხრიდან კანონდარღევას ადგილი ჯერ უცნობია. თუმცა, შს მინისტრი დარწმუნებულია, რომ BILETEBI.GE-ს ყოფილ დირექტორს კანონი არ დაურღვევია.

"ეს ადამიანი იყო BILETEBI.GE-ს დირექტორი. მე ვიცი, რომ ეს ადამიანი წამოსული იყო კომპანიიდან და ისე დაინიშნა შსს-ში. კადრები შეისწავლიდა საქმეს, ამის გარეშე ვერ დაინიშნებოდა. გუშინ, გენინსპექციამ დაიწყო მოკვლევა.

თუ დადგინდა, რომ ვინმე დაარღვია კანონი, დაისჯება. თუმცა, ვიცი, რომ ის თანაბამდებობაზე დანიშვნის დროს BILETEBI.GE-ს დირექტორი არ იყო",-განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, BILETEBI.GE -ს ტექნიკური დირექტორი გიორგი ჩხიკვიშვილი აცხადებს, რომ დავით მიზანდარმა თანამდებობა დატოვა იმ დღესვე, როგორც კი ის შსს-ს მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.

"დათო და მე ვართ დამფუძნებელი. 60% მფლობელი არის დავით მიზანდარის, ხოლო 40 % მე მეკუთვნის. დათო როგორც კი წავიდა თანამდებობაზე ეგრევე დატოვა დირექტორის თანამდებობა", – განაცხადა ჩხიკვიშვილმა.

ვინ გაუწია რეკომენდაცია საიტს, რომელიც აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა სუპერთასის ბილეთების გაყიდვას, ამაზე დაზუსტებული პასუხი ჯერ კიდევ არ არის.
როგორც ცნობილია, სუპერთაისის ბილეთები ვებგვერდ Biletebi.ge-ზე უნდა გაიყიდოს, ხოლო ბილეთების შეძენა აღნიშნულ ბილეთზე „ქართუ ბანკის“ შუამავლობით არის შესაძლებელი.

თუმცა როგორც ბანკის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი, ნატო ხაინდრავა „აიპრესთან“ საუბრისას აღნიშნავს, ბილეთების გაყიდვის შესაძლებლობა თიბისი ბანკსაც აქვს.

კითხვაზე, რამდენად მზად არის ქართუ ბანკი იმისათვის, რომ სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზულ დატვირთვას გაუძლოს, ბანკში აღნიშნავენ, რომ biletebi.ge-ზე უკეთესი სერვერები აქვთ და ამის გამო პრობლემები არ წარმოიქმნება.

"საპროცესინგო მომსახურებას,  თიბისი ბანკიც ახორციელებს, ჩვენთან არანაირი პრობლემა არ აქვს ვებგვერდს, სერვერებზე აქვთ პრობლემა, ჩვენ მზად ვართ საბანკო მომსახურება გავუწიოთ. ჩვენ სერვერებს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, ბილეთები გეს არ აქვს. ამიტომ ჩვენთან არანაირ კავშირში არ არის" – განაცხადა ხაინდრავამ.

ხაინდრავამ აღნიშნა, 2-3 პროცენტიანი საკომისიო არის ჩვეულებრივი და მიღებული პრაქტიკა.

"ელექტრონული კომერციის თვალსაზრისით ყველაზე უკეთესი პირობები გვაქვს. შემოსავალი არის ჩვეულებრივი საკომისიო, ბანკებში რომ არის დაწესებული, უცხოა თქვენთვის? და სხვადახვა მომსახურებაზე სხვადასხვა საკომისიოა" – აღნიშნა ხაინდრავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად