A1 ბანერი

ქარდავა: სააკაშვილის განცხადება სხვანაირად დავინახე, ისეთი კომუნიკაცია არ მაქვს, რომ მას ყველაფერზე ვესაუბრო

სააკაშვილის განცხადება სხვანაირად დავინახე, კომუნიკაციის ის სიხშირე არ მაქვს, რომ ყველაფერზე ვესაუბრო, – ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა დასავლეთის მიმართ სააკაშვილის კრიტიკას.

როგორც ბაჩუკი ქარდავამ „აიპრესს“ უთხრა, ბუნებრივია ევროკავშირში დიდი კონკურენციაა და საქართველოსნაირმა ქვეყნებმა ადგილი მაღალი დემოკრატიითა და კორუფციის დაბალი მაჩვენებლით უნდა დაიმკვიდრონ.

„მე ამ განცხადებაში დავინახე ის, რომ როცა ევროკავშირის წევრი ხდები, ბუნებრივია იქ ძალიან დიდი კონკურენციაა. ევროკავშირში ქვეყნები ფასობენ თავისი დემოკრატიის ხარისხით. ამიტომ, მოდით მიშას განცხადება გვერდზე დავტოვოთ და მე გეტყვით ჩემს პოზიციას. რა თქმა უნდა ევროკავშირირში ძალიან დიდი კონკურენციაა.

პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ისეთი როგორიც საქართველო და უკრაინაა ფასობს თავისი დემოკრატიის ხარისხით და იმ რეფორმებით, რითიც შესაძლოა მივუახლოვდეთ ევროკავშირის განვითარების დონეს. ამაში ეკონომიკას არ ვგულისხმობ. უფრო დიდი წინა პლანზე წამოწეულია დემოკრატიის ხარისხი, კორუფციის დონე და ა. შ. დივიდენდებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ თუ დემოკრატიული ქვეყანა ვიქნებით. ევროკავშირის სრულფასოვანი ნაწილი რომ გავხდეთ არა გეოგრაფიულად, არამედ პოლიტიკურად და იურიდიულადაც, ამისთვის საჭიროა მაღალი დემოკრატიის მაჩვენებელი გვქონდეს და რაც შეიძლება დაბალი კორუფცია. ამ პათოსს უფრო ვხედავ სააკაშვილის განცხადებაში“, – ამბობს ბაჩუკი ქარდავა.

კითხვაზე, ექსპრეზიდენტს ეთანხმება იმ ტერმინებში, როდესაც ის მაგალითად ევროპულ კოლონიზაციაზე საუბრობს?

„როგორც გითხარით მე ეს განცხადება არ მომისმენია. სხვის [ჟურნალისტის დაწერილ] განცხადებაზე მე ვერ ვისაუბრებ. მე შემიძლია პოლიტიკური განცხადება გავაკეთო. ბევრი საკითხია, რომელზეც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილს არ ვეთანხმებოდე და ამაზე თავს არ შევიკავებ. მაგრამ ჩვენნაირი ქვეყნები ევროპისთვის ფასობს დაბალი კორუფციით და მაღალი დემოკრატიით, ეს რა თქმა უნდა სწორია“, – გვითხრა ქარდავამ.

რაც შეეხება იმას, გეგმავს თუ არა ამ თემაზე სააკაშვილთან საუბარს? – ბაჩუკი ქარდავა პასუხობს:

„არა მგონია ამის აუცილებლობა. ნამდვილად არ მაქვს კომუნიკაციის ის სიხშირე, რომ ყოველ განცხადებაზე ვესაუბრო“, – ამბობს ბაჩუკი ქარდავა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ამ თემაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “უკრაინაში რეფორმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის არ უნდა განხორციელდეს. მე კარგად ვიცნობ ამ სტრუქტურებს და მინდა, გითხრათ, რომ კი, ევროპელებს სურთ, რომ უკრაინა არსებობდეს, რომ ის იყოს წარმატებული, თუმცა რაღაც ჩარჩოების ფარგლებში. ძალიან წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, თავს ნუ მოვიტყუებთ, ისევე, როგროც არავის სჭირდება ძალიან წარმატებული საქართველო. ყოველთვის ყველას, მათ შორის, დასავლურ ქვეყნებს… ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ვლადიმერ პუტინი, რომელსაც უკრაინა საერთოდ არ სჭირდება, ვისთვისაც უკრაინა ანაქრონიზმია, ვერ ხვდება, რატომაა, რისთვისაა ეს ქვეყანა. მეორე მხრივ კი, არის დასავლეთი, რომელსაც ასევე კოლონიალური მიდგომები აქვს, რომ კი, იყოს უკრაინა, არსებობდეს, ოღონდ სადღაც კუთხეში. მათ უკრაინა სჭირდებათ, როგორც სამუშაო ძალა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის კომენტარსაც “ტაბულა” ავრცელებს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...