ქაოსი ეკვადორში: მიცვალებულთა გვამებს ნათესავები ქუჩაში ტოვებენ

ეკვადორის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ გუიაკილში კორონოვირუსის გავრცელებამ ქაოსი წარმოშვა

გუიაკილში, მარტის ბოლო რიცხვებში, კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების ზრდის ტემპი გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით აქ იმაზე მეტი ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევა იყო დადასტურებული, ვიდრე ლათინური ამერიკის ცალკეულ ქვეყნებში: 1301 ინფიცირებული და 60-მდე გარდაცვლილი.

ოფიციალურ მონაცემებში მხოლოდ საავადმყოფოში მყოფი ინფიცირებულები და იქ გარდაცვლილებია შესული, სახლებში მყოფ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობაზე  მიახლოებით წარმოდგენას კი მოქალაქეების მიერ სახლიდან მიცვალებულთა გატანის შესახებ პოლიციაში შეტანილი 550 განცხადება ქმნის.

საავადმყოფოებში არსებული საწოლების, ხელოვნური სუნთქვის აპარატების და სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი რაოდენობის ფონზე გრიგალივით თავსდამტყდარმა კორონავირუსმა ქალაქის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ჩამოშალა. ექიმების და ექთნების ნაწილმა მოზღვავებულ დაინფიცირებულებთან შეაჯახებისას სამსახურიდან განთავისუფლება ამჯობინა.

საავადმყოფოებში ადგილების უქონლობის გამო სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეთა უმეტესობასთან სასწრაფო არ მიდიოდა და ისინი სახლში კვდებოდნენ. კორონავირუსის სწრაფმა გავრცელებამ, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მუშაკთა მხრიდან დაინფიცირებულთათვის სათანადო დახმარების აღმოუჩენლობამ და ქუჩებში თუ  საავადმყოფოს შესასვლელთან მიღების მოლოდინში მყოფთა და სახლებში მწოლ ავადმყოფთა გახშირებულმა სიკვდილიანობამ პანიკა გამოიწვია და მიცვალებულთა დამახვის წესის აგების და დასაფლავების პრობლემა გაჩნდა.

ზოგიერთმა დამკრძალავმა ბიურომ, იმის შიშით, რომ კორონავირუსი შეეყრებოდა, საერთოდ შეწყვიტა მუშაობა. გაჩნდა ტრანსპორტის პრობლემა, ხოლო ის ჭირისუფლები, რომლებსაც ტრანსპორტის პრობლემა არ ჰქონდათ, მიცვალებულის დასაფლავებას ვერ ახერხებდნენ, რადგან არ იყო ექიმი, რომელიც გარდაცვალების შესახებ ცნობას გასცემდა.

ზოგჯერ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გარდაცვალების მიზეზი აშკარად არ იყო კორონავირუსი, ჭირისუფალი გარდაცვლილის დაკრძალვას ტრანსპორტის არარსებობის ან ტრანპორტში მოთხოვნილი დიდი ფასის გამო ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი ჭირისუფლის თქმით, მას გაუმართლა და 911-ზე დარეკვიდან  მეექვსე დღეს ტრანპორტი გამოუყვეს. მან აღნიშნა, რომ ბევრია ისეთი, რომელსაც  საერთოდ არ უპასუხეს ან უთხრეს, რომ საკაცეები არ აქვთ და ვერ დაეხმარებიან.

ყოველივე ამის ფონზე, ქალაქის ქუჩებში ცელოფანში გახვეული გვამები გაჩნდა, იყო ქუჩაში გამოტანილი გვამებისთვის ცეცხლის წაკიდების და დაწვის შემთხვევები.

ეკვადორის პრეზიდენტ ლენინ მორენოს განკარგულებით შექმნილი სპეციალური ჯგუფი, გუიაკილში სიტუაციასთან გამკლავების მიზნით, სამედიცინო და იურიდიული პროცედურების გამარტივებას ცდილობს და პოლიციას, სამაშველოს სამსახურს და შეიარაღებულ ძალებს გვამების მოგროვებაში ეხმარება. პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილის, ხორხე ვატედის თქმით, სამხედროების, პოლიციის და მაშველების ჯგუფმა 150 გვამი მოაგროვა. უცნობია, რამდენი გვამია კიდევ ქალაქის ქუჩებში და სახლებში.

ქალაქის მერმა, რომელიც თავად დაინფიცირებულია, განაცხადა, რომ მან შემოიტანა კონტეინერი-მაცივარი, რომელშიც დროებით, დაკრძალვამდე მოათავსებენ მიცვალებულებს.

ვარაუდობენ, რომ ადგილობრივ სასაფლაოზე არსებული 2000 თავისუფალი ადგილი, საკმარისი იქნება სიტუაციის განსატვირთად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად