ქანთარია ბადრი ჯაფარიძეზე: იაფფასიანი ხერხებით პოლიტიკაში შემოსვლა არაფრის მომცემი არ არის

“სამწუხაროა, რომ ხალხს უნდა პოლიტიკაში შემოსვლა და იაფფასიანი, ძალიან წვრილმანი ხერხებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას. სამიზნედ ამჯერად ვოლსკის განცხადება ამოირჩიეს.” ​- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია “თი ბი სი”-ს დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, რომ ის უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს.

ნუკრი ქანთარიას ვარაუდით, ჯაფარიძეს საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობა სურს და განათლების სფეროს სპეკულაციისთვის იყენებს.

“ალბათ, ყურადღების მიპყრობა სურთ, თუმცა, მიმაჩნია, რომ ასე მხოლოდ ნდობა და ავტორიტეტი ეკარგებათ. რაღაც საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეთ. ჯაფარიძის მხრიდან განათლებაზე საუბარი სპეკულაციაა, რადგან თუკი რამ არის გასაკეთებელი, ძირითადი ყურადღება მიმართულია სწორედ განათლებისკენ. ჯაფარიძის მცდელობა უსუსურია”- აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ IPRESS-თან საუბრისას.

შეკითხვაზე, რა ნიშნით იქნა ჯაფარიძის მხრიდან შერჩეული იქნა გია ვოლსკი, ქანთარიამ განმარტა, რომ გია ვოლსკი, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ხშირად აკეთებს განცხადებებს და ამ ეტაპისთვის სამიზნედ აირჩიეს.

“არ არის გამორიცხული, შემდეგ სხვაზეც იყოს ანალოგიური მცდელობა, მაგრამ ვურჩევდი, რომ ასეთი იაფფასიანი ხერხებით პოლიტიკაში შემოსვლა არაფრის მომცემი არ არის. ამ მეთოდებით ქულების აკრეფა ძალიან გაუჭირდებათ”-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ცნობისათვის: „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე გია ვოლსკის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. ბადრი ჯაფარიძის განცხადების თანახმად, იგი გია ვოლსკისგან მის მიერ გაკეთებული განცხადებების უარყოფას ითხოვს. ბადრი ჯაფარიძე ასევე მოითხოვს, გია ვოლსკის დაეკისროს ფინანსური სანქცია 221 952 ლარის ოდენობით, რომელიც ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩაიდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...