“ქალაქის მერი ველოსიპედით! აი ეს უნდა გაბედონ თანამდებობის პირებმა!” – რატომ უნდა ვთქვათ უარი ავტომობილზე

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა საერთაშორისო ავტორიტეტულმა წყარომ საქართველო დაასახელა ქვეყნად, რომელიც, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მსოფლიოში წამყვან ადგილს იკავებს.

გასულ წელს გამოქვეყნებულ სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში საქართველოში არსებული ჰაერის დაბინძურების  მძიმე ვითარება ფაქტიურად აღიარებულია. მთავარ გამომწვევ მიზეზად კი ავტომობილის გამონაბოლქვი დასახელდა. მაგალითისთვის 2016 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, ნახშიროჟანგის 84% ავტომანქანების გამონაბოლქვზე მოდიოდა, ხოლო დანარჩენი 16% სხვა გარემო ფაქტორებზე.

დაბინძურებული ჰაერი კი ადამიანის ჯანმრთელობაზე გამანადგურებელ გავლენას ახდენს. მას არაერთი მწვავე თუ ქრონიკული დაავადების გამოწვევა შეუძლია. მათ შორის, ყველაზე ხშირია გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების დაავადებები. მაღალ სიკვდილიანობასთან ერთად, ისეთი დაავადებები, როგორიცაა ინფარქტი, ინსულტი და ასთმა, მნიშვნელოვნად აუარესებენ ცხოვრების ხარისხს.

მართალია, ბათუმი ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებს მზარდი ტურისტული ქალაქის პოტენციალის სტატუს. თუმცა პარალელურად, წლიდან წლამდე მატულობს ქაოტური მშენებლობები და  ავტომობილთა რიცხვი, რასაც პატარა ქალაქის სივრცე ვეღარ უმკლავდება. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ მოხდეს მოსალოდნელი რისკების თავიდან არიდება?

თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო გამოცდილებას ევროპის ძალიან ბევრმა ცნობილმა ქალაქმა გამოსავალი იპოვა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტში. წამყვანი ქვეყნების მინისტრებს პარლამენტის ეზოში ველოსიპედით სულ უფრო ხშირად ვხვდებით. თითქოს ბათუმმაც აიღო ევროპული მაგალითი, მოაწყო თანამედროვე ველობილიკები, თუმცა ამ დრომდე იმდენად დაბალია ცნობიერება ველობილიკის სატრანსპორტო საშუალებად გამოყენებასთან დაკავშირებით, რომ ავტომობილის მძღოლებიც და ქვეითებიც ხშირად უგულებელყოფენ სპეციალურად შემუშავებულ წესებს.

ზვიად სირაბიძე ბათუმში ერთ-ერთი ნათელი  მაგალითია იმის, თუ რამდენად მარტივი და ხელსაყრელია ამ ეკლოგიური ტრანსსპორტის გამოყენება. პროფესიით ჟურნალისტი, ბოლო 10 წლის განმავლობაში აქტიურად ცდილობს სოციალური ქსელებისა, თუ მეგობრების მეშვეობით მოახდინოს ველოსიპედის, როგორ  სატრანსპორტო საშუალების პოპულარიზაცია. რატომ უნდა ვთქვათ უარი ავტომობილზე და ავირჩიოთ ველოსიპედი – „აიპრესის“ კითხვებს ზვიად სირაბიძე პასუხობს:

ზვიად, მოდი დავიწყოთ თავიდან, ჯერ კიდევ მაშინ აირჩიე ველოსიპედი სატრანსპორტო საშუალებად, როცა ქალაქს არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჰქონდა და არც პოპულარობა, რა იყო პრიორიტეტი?

მიხარია კითხვაში ხაზგასმით რომ აღნიშნავთ  პერიოდს, როდესაც არც ეპატაჟი იყო ველოსიპედი და არც ევროპული კურსის მხარდაჭერის კომპონენტი… გეთანხმები! მაშინ ველოსიპედი ცოტა კომიკურიც კი იყო… რაც შეეხება იმას თუ რატომ?! პირდაპირ კავშირში იყო ფიზიკურ აქტივობასთან, მეტ დღის შუქთან და ყველაზე მთავარი რაცაა, ის იყო და არის ტრანსპორტი, რომლის საშუალებითაც შენ უმცირეს ადგილს იკავებ შენს ქალაქში და სხვებსაც უტოვებ სივრცეს სამოძრაოდ!

დღეს უკვე ბათუმს სპორტული ქალაქის სტატუსი აქვს, თუმცა ველობილიკები არ არის ბოლომდე გამართული, ხშირად ჩახერგილია ავტომობილების მიერ. რა უნდა გააკეთოს მერიამ პრობლემების მოსაგვარებლად?

ეს ველობილიკები, წითელ ხალიჩაზე მოსეირნე ქვეითები და უკულტურო მძღოლები თავიანთი ავტომობილებით… ამაზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. იმდენი ისტორიები მაქვს, ხანდახსნ აგრესიულიც ვარ, მაგრამ მაინც მივდივარ იქამდე, რომ ცნობიერების პრობლემაა და ადამიანებს რეალურად არ გააჩნიათ სამოქალაქო აზროვნება, ასე რომ ვფიქრობ, ბრაზი მიქარწყლდება ხოლმე. მერიას რაც შეეხებ,ა პირველ რიგში რა თქმა უნდა, მკაცრი რეგულაციები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან უფრო ეფექტური და ორგანული თანამშრომლობა… საოცარი იქნება ისე ქალაქის მერი ველოსიპედით! აი ეს უნდა გაბედონ თანამდებობის პირებმა და ნახე მერე შედეგი.. მოქილიკეებმა იქილიკონ! ფეხებზე უნდა დაიკიდონ.

დიდი პოპულარობით სარგებლობს ველოსიპედი ბათუმის ბულვარში, თუმცა ადგილობრივები სატრანსპორტო საშუალებად მაინც ავტომობილებს ირჩევენ, რაც იწვევს ქალაქში საცობებს და ჰაერის დაბინძურებას, რას ეტყოდით მძღოლებს?

ამაზე ვისაუბრე კიდეც გარკვეულწილად, კიდევ ცნობიერებასთან მივდივართ.  ძალიან დიდი და რთული სამუშაოა ჩასატარებელი, თან ხანგრძლივად, რომ ადამიანებმა მინიმუმ უმოკლეს მანძილზე მაინც გააჩერონ მანქანები და ველოსიპედით გადაადგილდნენ, ჯანდაბას, ფეხით მაინც… ერთ საინტერესო ფაქტსაც წავაწყდი ამ წლების მანძილზე. რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა სურვილი და შეიძინა კიდეც ველოსიპედი, მაგრამ როგორც წესი სასეირნოდ. აქ იდეა საერთოდ იკარგება, ველოსიპედით არ ვსეირნობ მე, ის ჩემი ტრანსპორტია და აი მაქ აცდნენ ისინი. ეხლა ის ველოსიპედები სავარაუდოდ ავტოფარეხებში ასვენია და აღარავის ახსოვს, ასეთი არაპრაგმატულობა გამაღიზიანებელია, ამ პატარა ქალაქში ამდენი ავტომობილი…

 რაც შეეხება საგზაო უსაფრთხოების წესებს, რამდენად დაცულია ველოსიპედების შემთხვევაში, ხშირად იქმნება საფრთხე ველოსიპედით ქუჩაში მოძრაობის დროს?

ეგ ცალკე თემაა კიდევ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, არც ქვეითები და არც მძღოლები, ველოსიპედს არათუ პატივს არ სცემენ, საერთოდ არ აღიქვამენ ტრანსპორტად. ხანდახან ქუჩას რომ გადავდივარ, სერიოზულად მაქვს შეგრძნება რომ უჩინმაჩინის ქუდი მახურავს, პრაქტიკულად არ გხედავენ!  კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი მერიის როლს ამ საკითხში, თუ ჩვენ გვახარებს სპორტული ქალაქის სტატუსი, და მითუმეტეს ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლებიც კი ჰყავთ მერიაში, უფრო ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგან. ამ მიმართულებით გამოცხადებული ტენდერები და ამ ტენდერებში გამარჯვებულების გაუგებარი შედეგები, უფრო გამჭვირვალე და დამონიტორინგებული უნდა იყოს. დროა უკვე დაიწყოთ ცივილიზებულად აზროვნება.. უფრო სწორად დავიწყოთ ყველამ….

რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვისაც არაპრაქტიკული ტრანსპორტი ჰგონია ველოსიპედი?

ხანდახან ვეტყოდი და ხანდახან დიდი სიამოვნებით ვაგინებდი…
ახლა სერიოზულად.. ვეტყოდი, რომ უფრო სიფრთხილით თუ მოეკიდებოდნენ ქალაქს და იმ სივრცეს სადაც მინიმუმ თავიანთმა შვილებმა უნდა გააგრძელონ ცხოვრება, არ იქნებოდა ურიგო.. ველოსიპედი ბათუმისთვის ძალიან მორგებული ტრანსპორტია, პრაქტიკულად კარდეოტრენაჟორია და ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად