ქალაქ ვანის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ნაფეტვარიძემ, იმერეთში, სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკისა (KFW) და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ვანში არსებული წყალმომარაგების სისტემის სათავე-ნაგებობა დაათვალიერეს და ახალი პროექტის განხორციელებაზე ისაუბრეს.

ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქლორატოროს, სატუმბი სადგურისა და არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია. ასევე, მოეწყობა ჭაბურღილები და გამანაწილებელი ქსელი.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, ვანისა და რამდენიმე მიმდებარე სოფლის – სალხინოს, ციხესულორის, შუამთას, ზედა ვანის მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციზე ამ დროისთვის გამოცხადებულია ტენდერი.

პროექტს, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს.

ქალაქ ვანის მოსახლეობას ამ დროისთვის წყალმომარაგება აქვს, თუმცა არსებული ქსელი მოძველებულია, ხშირია დაზიანებები, რის შედეგად ადგილობრივებს წყალი შეზღუდულად მიეწოდებათ.

კომენტარები
იტვირთება...