ქალაქ ოზურგეთის მერმა საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ საზოგადოებას 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

პრეზენტაციას გურიის მხარის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ვიცე-მერი ალეკო ბურჭულაძე, მერის მოადგილე კობა დუნდუა, საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, დეპუტატები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ბეგლარ სიორიძემ ამომრჩეველს ქალაქის მერიის ყველა სამსახურის მიერ ერთი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობა დეტალურად გააცნო და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მერის ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და კულტურულ პროექტებს დაეთმო.

"პირველად ქალაქ ოზურგეთის ისტორიაში, მერიის არსებობის პერიოდში, დაიწყო ქალაქის იერ-სახის ძირეული რეკონსტრუქცია. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდა მასშტაბური და ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები", – აღნიშნულია მერის ანგარიშში.

ბეგლარ სიორიძე საზოგადოებას სოციალური მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ ესაუბრა. მიმდინარე წელს, სოციალური სფეროსთვის, ბიუჯეტიდან გაიცა 611 628 ლარი, რის შედეგადაც მერიამ დახმარება ქალაქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 2 753 მოქალაქეს გაუწია. გასულ წელთან შედარებით, 2016 წელს ქალაქის მერიამ პროგრამული დახმარება ორჯერ მეტ ბენეფიციარს გაუწია და მოქალაქეთა განცხადებების 97% დააკმაყოფილა.

"პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩვენი საქმიანობის ყველა სფერო მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით განისაზღვრა. შესაბამისად, ქალაქის მერიამ სამუშაო პრიორიტეტებიც საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით შეიმუშავა. წელსაც, ისევე, როგორც შარშან, უმთავრეს პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა განისაზღვრა. შესაბამისად, ბიუჯეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ მიმართულების განვითარებას მოხმარდა.

2016 წელს ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ, რისი უმთავრესი მიზანიც ქალაქის განვითარება და თითოეული მოქალაქისთვის პერსპექტიული გარემოსა და სტაბილური მომავლის შექმნა გახლდათ", – განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.

დასასრულს ბეგლარ სიორიძემ კოორდინირებული და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად