თურქეთის ქალაქ იზმირში სასამართლოს შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 9 დაშავდა,-ინფორმაციას სააგენტო Reuters ქალაქის პოლიციასა და სამედიცინო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაშავებულთა შორის პოლიციისა და სასამართლოს თანამშრომლები არიან. როგორც ცნობილია, თურქეთის ქალაქ იზმირში ძლიერი აფეთქება მოხდა. სააგენტო Dogan-ის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული. პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორივე პირის ლიკვიდაცია განახორციელა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებია მობილიზებული. აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია.
გამოცემა Hurriyet-ის ცნობით, ქალაქ იზმირში სასამართლოს შენობასთან ორი ავტომობილი აფეთქდა. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.