ქადაგიძე კურსის გაუფასურების მიზნით, 307 მილიონის მიმოქცევაში გაშვებას სიცრუეს უწოდებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარების ტენდენცას, მიმოქცევაში ლარის გაშვებით შეუშალა ხელი, სიცრუეა.

“მინდა გითხრათ, რომ მიმოქცევაში ფული არ გაგვიზრდია. ეს ინფორმაცია სიცრუეა. თითქოს ლარის კურსი გამყარებისკენ მიდიოდა და ჩვენ, დამატებით, 307 მილიონი ლარი გავეცით. რეფინანსირების სესხების მეშვეობით, ძველი რეფინანსირების სესხი გადაიფარა, ახალი სესხები გაიცა და სესხებს შორის სხვაობა, არა 307, არამედ 130 მილიონი იყო”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რა გააკეთა ეროვნულმა ბანკმა კურსის დასაჭერად, ქადაგიძის ინფორმაციით, სებ-მა 280 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა.

“შეუძლებელია ეროვნულმა ბანკმა, დაკლებული ექსპორტის ან შემცირებული გზავნილების კომპენსირება შეძლოს. რა თქმა უნდა, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, ეს კურსზე აისახება. რა გავაკეთეთ ჩვენ? ჩვენ 280 მილიონი დოლარის ინტერვენცია იმისათვის განვახორციელეთ, რომ ერთი წონასწორული კურსიდან, მეორეზე გადასვლა შეგვერბილებინა. ეს ასევე პასუხია იმაზე, თუ რა მოხდა ბოლო დღეებში, როდესაც ლარის კურსი წონასწორულზე მაღლა იყო და შემდეგ გასწორდა.

როდესაც ერთი წონასწორული კურსიდან, მეორე წონასწორულ კურსზე გადასვლა ხდება, მას მერყეობაც ახასიათებს. აღნიშნული მერყეობა აისახა დეკემბრის თვეში და რამოდენიმე დღის წინაც, როდესაც კურს 2,37-იან ნიშნულზე ავიდა. ამ პერიოდში, პრემიერთან მქონდა კომუნიკაცია და ვუთხარი, რომ აღნიშნული კურსი, დიდი ალბათობით, წონასწორულზე მაღალია და მომდევნო დღეებში დაკორექტირდება და დაღმავლას დაიწყებს-მეთქი. თუმცა, ეს, არითმეტიკული სიზუსტით არ ხდება”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად