პუტინმა სახელმწიფო დუმას რუსეთის პრემიერის პოსტზე მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას პრემიერმინისტრის პოსტზე რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსის, მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა წარუდგინა,-ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადების თანახმად, პუტინმა, მიშუსტინთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მისგან აღნიშნულ საკითხზე თანხმობაც მიიღო.

სახელმწიფო დუმაში ფრაქცია “გაერთიანებული რუსეთის” ხელმძღვანელმა სერგეი ნევეროვმა განაცხადა, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატის თაობაზე შეხვედრა დღეს, მოსკოვის დროით დილის 09:00 საათზე გაიმართება.

ოთხშაბათს, პუტინსა და მთავრობის წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მთავრობა კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბამისად სრული შემადგენლობით გადადგება. ეს იმ ფონზე მოხდა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ძირითად კანონში შესწორებების თაობაზე წინადადებით გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო უფლებამოსილებების ბალანსი შეიცვლება.

რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტს გაწეული სამსახურისთვიოს და სთხოვა, ახალი მთავრობის ფორმირებამდე მოვალეობა შეასრულონ.

აღნიშნულის შემდეგ, თანამდებობა რამზან კადიროვმაც დატოვა.  ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის განცხადებით, „არაშრომისუნარიანობის“ გამო, ის პოსტს დროებით ტოვებს და თანამდებობას ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელს, მუსლიმ ხუჩიევს აბარებს.

ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დიმიტრი მედვედევს შესთავაზოს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად