პუტინმა და ზელენსკიმ ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტზე იმსჯელეს

ორშაბათს, საღამოს, უკრაინული მხარის ინიციატივით, რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებს ვლადიმერ პუტინსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა,-ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც რუსული მხარე აღნიშნავს, საუბრის დროს პუტინმა და ზელენსკიმ გასული წლის ნოემბერში რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში სამი უკრაინული გემის დაკავებაზე იმსჯელეს.

გარდა ამისა, მხარეებმა დეტალურად განიხილეს ბუნებრივი აირის საკითხები, მათ შორის ტრანსპორტირების გაგრძელება და უკრაინაში რუსული გაზის პირდაპირი მიწოდების საკითხი.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სხვადასხვა დონეზე კონტაქტებს გააგრძელებენ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის Facebook-ის გვერდზეა აღნიშნული, ზელენსკიმ პუტინთან საუბრისას განაცხადა, რომ აუცილებელია კიევს ყველა ის იარაღი, მოწყობილობა და დოკუმენტაცია დაუბრუნდეს, რაც უკრაინულ გემებზე იყო.

18 ნოემბერს რუსეთმა უკრაინას გასული წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში დაკავებული გემები გადასცა, მაგრამ კიევს დაახლოებით 30 ერთეული იარაღი და საბრძოლო მასალა არ დაუბრუნეს. როგორც რუსეთში განმარტავენ, შეიარაღება მოსკოვში დარჩა, როგორც მატერიალური მტკიცებულება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად