“პუტინის, როგორც პოლიტიკური ლიდერის დამცირება საკმაოდ მარტივია” – ინტერვიუ ლილია შევცოვასთან

დოქტორი ლილია შევცოვა, რომელიც რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოცირებული საბჭოს Chatham House წევრია, “აიპრესისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თავისი მმართველობის უკანასკნელ დღეებს ითვლის და ძალიან მალე მის რეჟიმს ბოლო მოეღება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ლილია შევცოვა არის Chatham House- ის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოცირებული საბჭოს წევრი. მისი კვლევის ინტერესები ეხება პოსტკომუნისტურ ტრანსფორმაციას, რუსეთის შიდა მოვლენებს, დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობებს, პოლიტიკური დაშლისა და კრიზისიდან გამოსავლის ლოგიკასა და პარადოქსებს. მასთან, ინტერვიუ “რიგის კონფერენცია 2019”- ზე ჩვენმა სპეციალურმა კორესპოდენტმა ვახტანგ ნინიკაშვილმა ჩაწერა.

ქალბატონო ლილია, ახლახანს,  “ეხო მასკვი”-სთან ინტერვიუს დროს თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთმა დაკარგა შიდა ორიენტაცია და  საერთაშორისო ორბიტაზეც კრიზისი აქვს. რა შედეგები შეიძლება მოიტანოს პუტინის ამგვარმა პოლიტიკამ რუსეთისთვის? სხვა ქვეყნებზე მეტად რუსეთი ხომ არ დაზარალდება ამ ყველაფრით?

ეს საკმაოდ ვრცელი საკითხია, თქვენ  ალბათ საგარეო პოლიტიკის შედეგებს გულისხმობთ. ჩვენ საკმაოდ საინტერესო, ამავდროულად უცნაურ სიტუაციაში ვართ. თუ ამის შესახებ წლის დასაწყისში ვისაუბრებდით, გეტყოდით, რომ პუტინს რამდენიმე პრობლემა აქვს წამოჭრილი, რისი გადაწყვეტაც არ შეუძლია. ის ცდილობს გაუმკლავდეს იზოლაციას, სანქციებს დ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მეტნაკლებად ადაპტირდა ახალ საქციებთან, მთლიანი შიდა პროდუქტის 1-2%-ის დაკარგვა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით რუსეთის მასშტაბებების გათვალისწინებით.

იცით, საკმაოდ მარტივია პუტინის, როგორც პოლიტიკური ლიდერის დამცირება. მაგრამ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, უკვე 2019 წლის ოქტომბერია –  სიტუაცია შეიცვალა, პუტინს უკვე რაღაც ბერკეტებიც გააჩნია და ახალი სუნთქვის საშუალებაც გაუჩნდა.

პირველ რიგში, ლიბერალური წესრიგი არარელევანტური აღმოჩნდა. დასავლურმა ძალებმა არ იციან როგორ მოიქცნენ, ვგულისხმობ ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან… ტრამპს სურს ევროპას ჩამოშორდეს და მოიშოროს პასუხისმგებლობები.

ასევე, საყურადღებოა, ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური ფუნქციები. ის რაც სირიაში ხდება, ეს  მოკავშირეებსაც კი დიდ თავსატეხს უჩენს. ევროკავშირი ახალი მისიის ძიებაშია. მსგავსი შეუსაბამობა წარმოშობს შესაძლებლობას სხვა სახელმწიოფებისთვის, პირველ რიგში ჩინეთისთვის და ნაწილობრივ რუსეთისთვისაც.

დასავლეთის დასუსტება, პუტინს თავისი მანევრებისთვის მსოფლიო ასპარეზზე, ახალ იმპულსებს აძლევს. გარდა ამისა, არა მხოლოდ პუტინის, არამედ ისტორიულად რუსეთის პოლიტიკაა სწრაფი ზიგზაგით სვლა – სწრაფი აღმასვლა, ომის პარადიგმა, მტრობა, მაგრამ საბოლოოდ, რუსეთი მაინც ცდილობს დაამყაროს მშვიდობა და შეურიგდეს მტრებს.

დღესდღეობით, რუსეთი შერიგების ეტაპზეა, განსაკუთრებით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის დახმარებით, რომელიც ცდილობს ამოხსნას უკრაინის გარშემო შექმნილი ფაზლი.

პუტინი მშვიდობის განწყობაზეა…

რა გაძლევთ ამის თქმის საშუალებას?!

გასულ თვეებში ვაკვირდებოდი მის რიტორიკას და სხეულის ენას. პუტინმა განაცხადა: ‘’მე არაფერი მაქვს ლიბერალიზმის საწინააღმდეგო, მე მშვიდობა მსურს’’.

ტრამპი საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური ლიდერია, ასევე ბატონი ზელენსკი, ბუნებრივია მე მას წარმატების გარდა არაფერს ვუსურვებ, თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ის მშვიდობიან კურდღელს უფრო მაგონებს, რომელიც მზის ამოსვლას ელის.

ეს ყველაფერი რასაკვირველია, ტაქტიკაა. ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ კრემლს უზარმაზარი ტრადიცია და გამოცდილება აქვს გამოიყენოს შერიგება, დასავლეთისთვის ძირის გამოსათხრელად. ეს მისთვის უფრო ეფექტური პოლიტიკაა, ვიდრე ომის პარადიგმა.

რა შედეგს მოიტანს ეს თავსატეხი? – არ ვიცით, მაგრამ დასავლეთი დასუსტებულია და მზადაა ხელი გაუწოდოს პუტინს. იგივეს აკეთებს მაკრონი, ტრამპი, მერკელი –  მშვიდად, თუმცა ეს უკანასკნელი დაქანცულია და გადაღლილი უყურებს შექმნილ სიტუაციას.

სამწუხაროდ, სტრატეგიულად რუსეთი წააგებს, რადგან ქვეყნის რესურსები მცირდება. მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ პუტინის თამაშის წესებს, და მის ტაქტიკურ გამარჯვებებს.

საქართველოსთან მიმართებაში არ ვარ დარწმუნებული, შესაძლოა ის აგებს, მაგრამ ბოლო დროს ტაქტიკა  აქაც შეიცვალა. აშკარად ცდილობს მეგობრული ურთიერთობის დამყარებას და სხვათა შორის, თქვენთან კვლევებზეც აისახა ეს, არა?! მასთან ურთიერთობის დათბობას მხარდამჭერებიც ჰყავს თქვენთან…

თქვენ ალბათ პარტია “პატრიოტთა ალიანსს” გულისხმობთ, რომელიც ამბობს,  რომ პუტინთან შეხვედრა სიკეთის მომტანია, მართალია, ამ პარტიამ  ხმების 5% მიიღო, რის შედეგადაც მოიპოვეს ადგილი პარლამენტში და ისინი ღია არიან რუსეთთან ურთიერთობისთვის, მაგრამ მაინც უმცირესობაში არიან. ქართველ ხალხს ეს არ უნდა… 

არ შეიძლება პუტინის და კრემლის ძალისა და ზეგავლენის გაზვიდადება, ისინი სხვის სისუსტეს იყენებენ, ეს ძლიერების მანიშნებელი არაა. ეს არ არის პერსპექტივა, ან ძალაუფლების მისია და ხედვა, თუმცა ისინი იყენებენ არარელევანტურ მსოფლიოს და შესაფერის დროებს.

ჯერ კიდევ 2013 წელს ამბობდით, რომ პუტინის რეჟიმი ბოლო დღეებს ითვლიდა, თუმცა ახლა 2019 წელია და არაფერი შეცვლილა, უფრო მეტიც, საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთი უკრაინაშიც შეიჭრა და ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია მოახდინა. ამჟამად რა პროგნოზები გაქვთ? ისევ მიგაჩნიათ, რომ პუტინის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება?

იცით, მე მაშინ არ მითქვამს, რომ ბოლო დღეებს ითვლიდა. ვთქვი, რომ აგონიაშია და ლპება. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი წარმატებას აღწევს  საგარეო პოლიტიკის არაერთ სფეროში და რეიტინგების მიხედვით მის სიძლიერეს მოსახლეობის 68% აღიარებს,  მე მაინც მიმაჩნია, რომ მისი პოლიტიკური რეჟიმი დასასრულისგან შორს არ არის.

რუსული პოლიტიკური სისტემა, სადაც ერთპიროვნული მმართველობაა, განადგურების პირასაა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ  რაიმე ობიექტის მოკვდინებაზე. ვსაუბრობთ ამ უზარმაზარ, საკმაოდ ძველ ცივილიზაციაზე, რასაც რუსეთის პოლიტიკური  სისტემა ჰქვია. ხსენებული პროცესი შესაძლოა,  ათწლეულები გაგრძელდეს.

გავიხსენოთ  საბჭოთა კავშირის ნგრევის ევოლუციური პროცესი. აღნიშნული მოვლენას საფუძელი ჯერ კიდევ სტალინის სიკდილის შემდგომ ჩაეყარა. ხოლო ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირი მხოლოდ 1991 წელს ყველანაირი საფრთხის, მუქარის ან ომის გარეშე დაიშალა, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ რუსეთში ამჟამად მოქმედი პოლიტიკური სისტემა, რომელიც საკუთარი არსით ძალიან ჰგავს საბჭოური მოდელს, მთლიანობაში არამდგრადია. საკმაოდ მოკლე სამომავლო პერსპექტივაში რუსეთს ისეთივე ბედი ელის, როგორიც მე-20 საუკუნის ბოლოს საბჭოთა კავშირის სამთავრობო ინსტიტუციებმა განიცადეს.

უბრალოდ,  როგორც უკვე ვთქვით, ნახსენები პოლიტიკური აგონია დროში საკმაოდ გაწელილ ხასიათს ატარებს და მის საბოლოო დასამარებას, რიგ შემთხვევევბში, შესაძლოა წლები ან ათწლეულებიც კი დასჭირდეს.

აბა, რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ რეჟიმი დასასრულის პირასაა?

აგიხსნით, თუ რატომ მიმაჩნია, რომ რეჟიმი სრულდება: პირველ რიგში, მას ძალის აღდგენა აღარ შეუძლია, როგორც ადრე შეეძლო. ის მხოლოდ სხვის სისუსტეს იყენებს. მას არ შეუძლია მსოფლიოს ახალი ხედვა შესთავაზოს.

რეჟიმი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ქვეყნის შიგნით, ხალხი არა მხოლოდ იმედგაცრუებულია, არამედ მუდმივად აპროტესტებს შექმნილ სიტუაციას. ასევე, ვერ სთავაზობს მათ სტაბილურობას.

შეუძლებელია ახალი ფანჯრის და კარის გაღება, როდესაც განვითარებას, ხალხის მომავალს და სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფ – ეს უკვე  ნამდვილ პოლიტიკურ აგონიას ემსგავსება.

რუსეთის სოფლებში მცხოვრები ხანშიშესული ადამიანებიც კი მზად არიან ცვლილებებისთვის, მათი 80 პროცეტი ამბობს: დიახ, ჩვენ გვინდა ცვლილება. ბუნებრივია, თითოეული მათგანი ცვლლილებების სამომავლო მოდელსა და არსს განსხვავებული რაკურსით აღიქვამს, თუმცა ეს ფაქტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთოდ არ ატარებს გადამწყვეტ მნიშვნელობას.

პრობლემაა ისაა, რომ ე.წ ელიტას ეშინია ცვლილებების, მათი საშუალებით პუტინი ახერხებს მმართველობისთვის აუცილებელი ძალებს შენარჩუნებას, მაგრამ დაწყებული ნგრევის პროცესის ამ გზით შეჩერება მაინც წარმოუდგენელი ხასიათის მატარებლად რჩება.

მაშინ, როდესაც რუსეთში უამრავი პრობლემაა, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამოქალაქო – როგორ ახერხებს პუტინი, მთელი ამ დროის მანძილზე კრემლში სკამზე იჯდეს და ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ფიგურა იყოს, როგორც რუსეთში, ასევე მთელ მსოფლიოში.  მე 2000 წელს დავიბადე, და რაც თავი მახსოვს, რუსეთის მმართველ ელიტაში დიდად არაფერი შეცვლილა

სწორი შეკითხვაა, უნდა გავიხსენოთ პუტინის ევოლუცია. დასაწყისში, მას ხალხმა დაუჭირა მხარი, რადგან  “მძიმედ მოსიარულე” ელცინის შემდეგ, მათთვის პუტინი იმედისმომცემი სიახლე იყო.

ის თავიდან მოვიდა როგორც ლიბერალი, რეფორმის იდეით – “რუსეთი, როგორც ევროპის ნაწილი”. გერმანიის პარლამენტში სიტყვით რომ გამოვიდა,  მთელი ბუნდესტაგი ფეხზე წამოდგა და ათი წუთის განმავლობაში ტაშს უკრავდნენ.

ნავთობი გაძვირდა და მან (რუსული ტრადიციული გაგებით) ქვეყანას სიღარიბე გადაალახინა.  ამის შემდეგ პუტინმა დაიწყო ერთპიროვნული მმართველობა.  დახურა ფანჯრები და გაავრცელა აზრი, რომ რუსეთი ერთადერთი უნიკალური ცივილიზაციაა. ასე რომ, პუტინი დიდხანს გადიოდა ევოლუციას და კარიერის დასაწყისში ბევრი ადამიანისთვის ის ლიბელარალიზმის გმირი და საკმაოდ ქმედითი ლიდერი იყო.

რით ინარჩუნებს ის ძალაუფლებას ახლა?

ადამიანებს ეშინიათ ცვლილების. ლიდერი სახელმწიფოს სიმბოლოა, ვისმა შეცვლამაც, შესაძლოა ქვეყნის ნგრევა გამოიწვიოს. მათ ახსოვთ 1991 წელი და ეშინიათ ისევ არ დაბრუნდეს. რასაკვირველია, ეს რთული გადასატანი იქნება მოსახლეობისთვის. ისინი ვერანაირ ალტერნატივას ვერ ხედავენ. და ბოლოს, სიტუაცია არც ისე უიმედოა, რადგან როცა ხალხი სასოწარკვეთილია, გამოდის ქუჩაში, ამტვრევს ფანჯრებს და მოითხოვენ ცვლილებას. ასე რომ, ამჟამად ადამიანები ეგუებიან და განაგრძობენ არსებობას.

ამჟამად პუტინი დასუსტებულია, ოფიციალურად მას ყველანაირი რესურსი გააჩნია, მაგრამ რეალურად, ის საკმაოდ ცოტა მიმართულებას აკონტროლებს, რადგან ქვეყანას თავისით გააქვს თავი. ადამიანები რაღაცნაირად ახერხებენ გადარჩნენ, იცხოვრონ, იცინონ, წავიდნენ ამ ქვეყნიდან…მაგრამ დამიჯერეთ, მის კონტროლქვეშ ბევრი არაფერია.

თქვენ საკმაოდ აქტიურად უჭერდით მხარს უკრაინას და მიგაჩნიათ, რომ რუსეთის მიმართ დაკისრებული სანქციები ბევრად მკაცრი უნდა იყოს. როგორ ფიქრობთ, 2008 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, საერთაშორისო რეაქცია უფრო მკაცრი და პრაგმატული რომ ყოფილიყო რუსეთთან მიმართებაში, უკრაინა ხომ არ გადარჩებოდა?

საერთაშორისო საზოგადოებას უფრო მკაცრი რეაქცია რომ ჰქონოდა, ვფიქრობ, უკრაინაში ეს ყველაფერი არ მოხდებოდა.საქართველოს კონფლიქტის შემდეგ პუტინს გაუჩნდა განცდა, რომ მის ახალ ავანტიურას დასავლელი პარტნიორები, საქართველოს მაგალითის მსგავსად, ადვილად “გადაყლაპავდნენ”.

ინტერვიუ ჩაიწერა და მოამზადა ვახტანგ ნინიკაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად