პუტინი: მოლდოვის პრეზიდენტს უზურპატორების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს ვუჭერ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის მოლდოველ კოლეგას იგორ დოდონს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ მან ტელეარხ Мир-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“მხარს დავუჭერთ მოლდოვის პრეზიდენტს და კოალიციურ მთავრობაში ჩვენს პარტნიორებს, რათა ისინი, როგორც იქნა, გათავისუფლდნენ იმ ხალხისგან, რომლებსაც ამ დრომდე მოლდოვაში ხელისუფლება ჰქონდათ უზურპირებული, მაგრამ მოლდოვა გამონაკლისი არ არის.

მოლდოვაში და ნაწილობრივ უკრაინაშიც მთავრობა ოლიგარქების მიერ იყო უზურპირებული, რომლებმაც ყველა სამთავრობო სტრუქტურა სრულად დაიმორჩილეს. მათ შორის, სამართალდამცველები, პარლამენტი და ა.შ. ანუ მათ ხალხის ხარჯზე ფული იშოვეს და ეს ფული გამოიყენეს პირადი კეთილდღეობისა და სახელმწიფოს მართვის ყველა ბერკეტის ხელში ჩასაგდებად“,- განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის შეფასებით, მოლდოვაში უნიკალური ვითარება არ არის. მისი თქმით, უკრაინის მსგავსად ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება ოლიგარქებს სურდათ.
“მათ ხალხის ფული გამოიყენეს იმისთვის, რომ პირადი კეთილდღეობა გაიუმჯობესონ და სახელმწიფოზე გავლენა ჰქონდეთ”, – დასძინა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ იგორ დოდონისა და მისი კოალიციის პარტნიორების საქმიანობა ცივილიზებული და თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობისკენ გადადგმული ნაბიჯია.

11 ივნისს, მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა დემოკრატიული პარტიის (PDM) ვიცე-თავმჯდომარის პაველ ფილიპის გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც პარლამენტის დაშლასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებდა.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. აქტივობა 49.22% იყო. მრავალპარტიულ ოლქში სოციალისტურმა პარტიამ ხმების 31.15% მოიპოვა, პრო-ევროპულმა ბლოკმა – 26.84%, მმართველმა დემოკრატიულმა პარტიამ – 23.62%, პარტია „შორმა“ რომლის იდეოლოგია უმცირესობათა უფლებებისთვის ბრძოლაა – 8.32%.

8 ივნისს, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის პარლამენტი უნდა დაიშალოს, რადგან 90 დღეში მთავრობა ვერ ჩამოყალიბდა. მოლდოვის კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო დაუყოვნებლივ უნდა დაითხოვოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...