პუტინი და ერდოღანი სირიის საკითხზე საკონსტიტუციო კომიტეტის მოწვევას მოითხოვენ

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას სირიაში არსებული ვითარების პოლიტიკური გზით მოგვარებაზე იმსჯელეს. მათ ასევე გამოთქვეს სურვილი, რომ ოქტომბერში გაერო-ს ეგიდით საკონსტიტუციო კომიტეტის მოწვევას ხელი შეუწყონ. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

“რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სირიაში არსებული ვითარების პოლიტიკური გზით მოგვარების პროცესის გაგრძელებაზე ისაუბრეს და გამოთქვეს მზადყოფნა, ჟენევაში ოქტომბრის ბოლოს საკონსტიტუციო კომიტეტის მოწვევას ხელი შეუწყონ. ორივე ლიდერმა დაადასტურა მათი ვალდებულება, რომ სირიის ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოფილი იყოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

სამშაბათს, 15 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, რამდენიმე თურქ მინისტრს სანქციები დაუწესა. 

ერთი დღით ადრე, 14 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ყველა  ძალისხმევა გამოიყენოს იმისთვის, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში თურქეთის შეიარაღებული ოპერაციები დასრულდეს.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიაში 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, აღნიშნული ოპერაციის მიზნად ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა დაასახელა, სადაც სირიელი დევნილები დაბრუნებას შეძლებდნენ. გარდა ამისა, ოპერაცია მიმართულია ქურთების თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად