პროტოიერეი დიმიტრიმ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალები უფასო მეძავებს შეადარა

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოიერეი დიმიტრიმ (სმირნოვი) – სამოქალაქო ცოლებს უფასო მეძავები უწოდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პორტალმა interfax-მა გაავრცელა.

სმირნოვმა აგრეთვე განაცხადა, რომ სამოქალაქო ცოლები (სამოქალაქო აქტების ჩამწერ ორგანოში რეგისტრირების გარეშე მამაკაცთან თანაცხოვრებაში მყოფი ქალები – “აიპრესი”) – ეს დროებითი სიამეა. მისი თქმით, რუს ქალებს არ ესმით, რა არის ქორწინება.

“არასახალისოა თქვა “მე ვარ უფასო მეძავი”, ამიტომ ამბობენ : მე სამოქალაქო ქორწინებაში ვარ”. გამარჯობათ! არა, შენ მხოლოდ უფასოდ უწევ მომსახურებას – და მორჩა, არავინ შენ ცოლად არ გთვლის”, – თქვა პროტოიერეიმ.

მღვდელთმსახურმა აღნიშნა რომ რუსეთში ქმრიანი ქალი მილიონობით მეტია, ვიდრე ცოლიანი კაცი. ეს მან იმით ახსნა, რომ ბევრი მამაკაცი ცოლიანია სამოქალაქო ქორწინებით. სმირნოვის სიტყვებით, ისინი არ თვლიან ცოლებად მათ, ვისთანაც ამგვარად ცხოვრობენ. “რა, ძნელია დარეგისტრირება, თუ რა? არა, არაა არავითარი სირთულე”

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში განაცხადეს, რომ პროტოიერეი დიმიტრი სმირნოვის რეზონანსული გამონათქვამები სამოქალაქო ცოლებზე ქალების შეურაცხყოფას კი არა, არამედ უპასუხისმგებლო მამაკაცების პრობლემისადმი ყურადღების მიპყრობას ისახავდა მიზნად. მათი თქმით, ეს გამონათქვამები, სიტყვასიტყვით, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ.

“მამა დიმიტრიმ მისთვის ჩვეული ხატოვანი ხერხით მიაქცია ყურადღება იმ ქალების პრობლემებისადმი, რომლებიც იძულებულები არიან იცხოვრონ მამაკაცებთან ქორწინების რეგისტრაციის გარეშე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას მღვდლის სამწყემსო გამოცდილება აჩვენებს, რომ მამაკაცები ასეთ შემთხვევებში ოჯახურ ვალდებულებებს არ იღებენ და უმიზეზოდ ტოვებენ სამოქალაქო ცოლებს, აყენებენ მათ ფსიქოლოგიურ ტრავმებს” – განუცხადა გუშინ “ინტერფაქს”-ს სინოდის ეკლესიის საზოგადოებასთნ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის მოადგილემ ვახტანგ ყიფშიძემ.

ამიტომ, თვლის ის, მღვდლის სიტყვები გულისხმობს იმას, რომ “სამოქალაქო ცოლის სტატუსი აკნინებს ქალის ღირსებას, ხდის მას მოწყვლადს უზნეო და უპასუხისმგებლო მამაკაცების წინაშე”.

ამრიგად, განაგრძო ყიფშიძემ, მღვდლის სიტყვები უნდა განვიხილოთ, “არა როგორც ქალების წინააღმდეგ მიმართული, არამედ მიმართული იმათ წინააღმდეგ, ვინც მათ შეურაცხყოფს და იყენებს”

“ეკლესია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბედნიერება მამაკაცის და ქალის ურთიერთობაში მიიღწევა მხოლოდ სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, რასაც განამტკიცებს, მათ შორის ქორწინებაც, რეგისტრირებული სახელმწიფოსგან”, – აღნიშნა სააგენტოსთან თანამოსაუბრემ.

რაც შეეხება თავად დიმიტრი სმირნოვს, მან თქვა, რომ სპეციალურად გამოიყენა ეს სიტყვები და უარი განაცხადა ბოდიშის მოხდაზე.

“მეძავი – აბსოლუტურად ლიტერატურული სიტყვაა. და რისთვის (მოვიხადო ბოდიში)? მე პერსონალურად მათზე კი არა, არამედ მოვლენაზე ვსაუბრობ. იმიტომ რომ მე ისინი მებრალებიან”. სმირნოვმა განმარტა, რომ სამოქალაქო ცოლებს ურთიერთობის სამ-ხუთი წლის შემდეგ ტოვებენ და მათ “ექცევიან როგორც ნაგავს”.

მღვდელმა აგრეთვე განმარტა, რომ იყენებს ასეთ გამოთქმებს  მხოლოდ იმის გამო, რომ “შეაჩეროს ეს კოშმარი”. გარდა ამისა, ის არაა წინააღმდეგი წარსდგეს სასამართლოში მასთან ერთად, ვინც მას არ ეთანხმება. “განვისაჯოთ. მე არგუმენტებით ხელში დავამტკიცებ”, – დაასკვნა მან.

პროტოიერეიმ ამ განცხადებამდე სახელი ატომური იარაღის კურთხევის ტრადიციის განმარტებით გაითქვა. მან განაცხადა, რომ ეს – რუსი ხალხის, მისი კულტურის და ტაძრების გადარჩენაა. მისი სიტყვებით, რუსეთი არსებობს მხოლოდ რაკეტების წყალობით – რომ არა ისინი, ქვეყანას კარგა ხნის წინ გაანადგურებდნენ. “ჩვენ გვშველიან  მხოლოდ რაკეტები, გემები, წყალქვეშა ნავები, აღჭურვილი ატომური იარაღით. თუ ჩვენ გვსურს გავქრეთ, მაშინ კი ბატონო… ეს ძალიან სერიოზულია”, – თქვა სმირნოვმა.

მანვე რუს ქალებს რეკომენდაცია მისცა, არ გაყვნენ ცოლად მუსულმანებს, იეღოველებს, კომუნისტებს და ათეისტებს. იმ ქალებს, რომლებმაც ვერ შეძლეს მოენახათ ქმარი რუსეთში, პროტოიერეიმ აფრიკაში გამგზავრება ურჩია. მღვდელთმსახურის თქმით, იქ ბევრი ქრისტიანი ცხოვრობს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია კი კეთილგანწყობილია სხვა ქრისტიანული კონფენსიების წარმომადგენლებთან ქორწინებისადმი.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად