პროფესიული განათლების მსურველთათვის ტესტირება 6 და 7 სექტემბერს ჩატარდება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამათა უმრავლესობაზე სტუდენტთა შერჩევა წელს კოლეჯების მიერ იქნება ორგანიზებული და უმეტესად ონლაინ ფორმატში წარიმართება 23 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით. ზოგიერთ პროგრამაზე კი შერჩევა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით მოხდება, რომლის თარიღები უკვე განისაზღვრა.

ტესტირება 6 და 7 სექტემბერს ჩატარდება. ინფორმაციას ტესტირების დღესა და ადგილთან დაკავშირებით, აპლიკანტები სარეგისტრაციო სისტემაში, მათ პერსონალურ გვერდზე მოიძიებენ.

შეგახსენებთ, რომ სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, პროფესიული განათლება კიდევ უფრო პოპულარული ხდება. წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განაცხადი უპრეცედენტოდ ბევრმა, 19 ათასამდე აპლიკანტმა წარადგინა, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ თანამედროვე სტანდარტების სასწავლებლებში შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ. განსაკუთრებული პოპულარობით წელს IT მიმართულების პროგრამები, საექთნო განათლება, კულინარია, შრომის უსაფრთხოება, საზღვაო ტრანსპორტი და სხვა მიმართულებები ლიდერობს.

კომენტარები
იტვირთება...