პროკურორი: მეგობრის ჩვენებით, ნათობაძემ თქვა, სოსო ჯოხაძის ნახვის შანსი აღარ მომეცემაო

"მტკიცებულებები ამ ეტაპზეც კი საკმარისია იმისთვის, რომ ვივარაუდოთ, რაც ბრალად წარედგინა ამ ადამიანს ნამდვილად მისი ჩადენილია",- ამის შესახებ ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, ლია ჩადუნელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც დღეს ბრალდებულს, ბადრი ნათობაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

"კონკრეტულად ამაზე მეტყველებს მტკიცებულებების ერთობლიობა. საკმაოდ მნიშვნელოვანია ვიდეოჩანაწერები, რომლის არც ისე ხარისხიანი ვარიანტი საზოგადოებაში გავრცელდა, თუმცა უფრო ხარისხიანი, პირველადი ვარიანტი გამოძიების მიერაა ამოღებული. იქ ჩანს ეს ადამიანი, თუ რა აქვს თავზე გადაფარებული და რა აცვია. 

შემდეგ დაკითხულია იმ პერიოდში მის გვერდით მყოფი ადამიანი, ვისთან ერთადაც ავტომანქანით ბრალდებული მოძრაობდა. აღნიშნული ადამიანი ყვება, თუ როგორ აედევნა ბრალდებული მანქანას, რომელშიც გარდაცვლილი და დაჭრილი ადამიანი იყვნენ. მიუთითებდა, რომ ის ჯოხაძეებს ვეღარ ნახავდა და ასეთი სიტუაცია ხელში კიდევ როდის ჩაუვარდებოდა. გაყვა და იმ ადგილას, სადაც ავტომანქანა შეჩერდა და ბევრად მეტი შანსი ჰქონდა, რომ ესროლა, თავისივე მეგობარს გამოართვა სწორედ ის მაისური, რომელიც ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, როგორ აქვს თავზე გადაფარებული. შემდეგ უკვე პოლიციელების მიერ დაკავებისასაც თან ჰქონდა",- აღნიშნა ჩადუნელმა. 

პროკურორის განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაინახეს, თუ როგორ მიდიოდა ბრალდებული ქუჩაში, მას თავზე მაისური ჰქონდა გადაფარებული და იარაღი მოუჩანდა. ჩადუნელის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა პოლიციის თანამშრომლები დაინახა მიმართულება შეიცვალა და მზიურის პარკისკენ წავიდა, სადაც ის ხევში ჩავარდა და გაქცევა ვეღარ მოახერხა. 

"ეს ყველაფერი მისსავე მეგობარმა დაინახა საკუთარი თვალით. არსებობს ჩვენება, ვიდეოჩანაწერი. ასევე არსებობს პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, რაც რეალურად მოხდა. სროლიდან დაახლოებით ერთ-ორ წუთში მათ დაინახეს, რომ სწორედ შემთხვევის ადგილიდან მორბოდა თავზე გადაფარებული მაისურით ადამიანი, რომელსაც მოუჩანდა იარაღი და პოლიციელების დანახვაზე შეცვალა მიმართულება. წავიდა მზიურის პარკის მიმართულებით, სადაც ჩასასვლელი ხევია. პოლიციელებიც გაყვნენ. მან გააგრძელა სირბილი, ჩავარდა ხევში და ჩაყვნენ პოლიციელებიც. სწორედ იქვე დაკავებისას მას თან ჰქონდა იარაღი და სწორედ ის მაისური, რომელიც მეგობარს გამოართვა და კადრებში ჩანს, რომ თავზე ახურავს.

იმისთვის, რომ ბრალდებულმა თავი გადაირჩინოს მის მიერ ძალიან ბევრი ვარიანტი იქნება ამ საქმეზე ნათქვამი. რეალურად ყველაფერი დადასტურდება მტკიცებულებებით, რასაც ის ვერ შეცვლის, რა ვერციაც არ უნდა წარმოადგინოს. 

მეგობარი მოტივის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა არსებობს ცალკეული ინფორმაცია, რომ მას ჯოხაძესთან პირადი პრობლემები ჰქონდა",- განაცხადა პროკურორმა. 

შეგახსენებთ, ვაკეში, სოსო ჯოხაძის მკვლელობასა და ზაქარია ჩიბუხაშვილის დაჭრაში ბრალდებულს, ბადრი ნათობაძეს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამარლის გადაწყვეტილებით აღკვეთი ღონისძიებსი სახით პატიმრობა შეეფარდა. წინასასამრთლო სხოდმა კი 25 ოქტომბერს 12:00 საათზე ჩაინიშნა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად