პროკურატურამ ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით შესაძლო თაღლითობის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. 

"12 სექტემბერს, ქ.თბილისის პროკურატურამ მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ ლ.ყ.-ს და ზ.ო.-ს შორის შედგა და სადაც საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზებაზე.
ამასთან, აუდიოჩანაწერში დაფიქსირებულ გარემოებებთან კავშირი, 2018 წლის 11 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით უარყო ბიზნესმენმა უ.მ.-მ, რომლის სახელიც, სავარაუდოდ, საუბარში ფიგურირებს.
გამოძიების ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით, ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

ცნობისთვის, ტელეკომპანია "იბერია" სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ავრცელებს, სადაც სავარაუდოდ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს ტელეკომპანია "იბერიის" დათმობაზე ესაუბრება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად