პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ შესაძლო კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის შესახებ მედიაში გავრცელებული აუდიო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ გამოძიება დაიწყო.

როგორც “აიპრესს” გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება გუშინ დაიწყო.

“საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.” – განუცხადეს უწყებაში “აიპრესს”

ცნობისთვის, კახა საბანაძემ კი დღეს facebook-ში გაავრცელა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ.

“ვფიქრობ, რომ ზემოხსენებულ ფაქტებს სჭირდება შესწავლა, შესაბამისად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომელიც დაადგენს სიმართლეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო პროცესის მიმართ ნდობის უზრუნველყოფის მიზნით, ვტოვებ თანამდებობას! ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღირსეულ პოლიციელს, ვისთან ერთადაც წლების განმავლობაში ვიმუშავე. სისტემაში მუშაობენ გმირები, რომელთა მხრებზეც დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მინდა წარმატება ვუსურვო მათ სამშობლოს სამსახურში“, – წერს კახაბერ საბანაძე.

კახაბერ საბანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...