პროკურატურა მელიასთვის საპატიმრო ღონისძიებას ითხოვს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო ღინისძიებას ითხოვს.

პროკურატურამ, დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერბის თხოვნით წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტს.

“საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.
აღნიშული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ნიკანორ მელია ხვალ დაბარებულია  საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ახორციელებს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც 20-21 ივნისის აქციაზე ახორციელებდნენ აშკარა ძალადობრივ ქმედებებს – ცდილობდნენ პოლიციის კორდონის ძალადობრივი გზით გარღვევას და პარლამენტის შტურმით აღებას, სხვადასხვა საგნებს ესროდნენ სამართალდამცავებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ და ანადგურებდნენ კერძო საკუთრების ობიექტებს. აღნიშნული პირების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია. უახლოეს დღეებში მიღებული იქნება შესაბამისი ზომები მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად.

გარდა აღნიშნულისა, როგორც მოგეხსენებათ, აქციის მიმდინარეობისას სხვადასხვა სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა 121 პირს, რომელთა ნაწილი უკვე გათავისუფლდა პატიმრობიდან. ამჟამად პატიმრობაში რჩება 54 პირი.

კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მათი მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მათი უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...