პროკურატურა: კეზერაშვილის დავალებით 5 060 000 ევრო გადაირიცხა კომპანიის ანგარიშზე სახედრო წვრთნებისთვის, რომელიც არ ჩატარებულა

რას ედავება პროკურატურა დავით კეზერაშვილს და სად წავიდა სამხედრო წვრთნებისთვის გამოყოფილი 5 060 000 ევრო? ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული მასალებით დგინდება, რომ რომ 2008 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დ.კ.-მ, მასთან დაკავშირებული პირის – მისი მეგობრის ო.შ.-ს და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ თანხების გაფლანგვის მიზნით, ყოველგვარი საფუძვლისა და კომპანიის შემოწმების გარეშე, გამოსცა ბრძანება ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. 

მანვე, სიტყვიერად დაავალა, მასთან დაახლოებულ პირს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელ უფროსს ა. ნ.-ს, კომპანიის წარმომადგენელთან ხელშეკრულების უპირობოდ, სასწრაფოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, იმავე დღეს გაფორმება.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ: აღნიშნული დავალება შესრულებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების მოთხოვნების უხეში დარღვევით, კერძოდ, მან, იურიდიული პირის შეუმოწმებლად, შეთავაზებული მომსახურეობის საბაზრო ღირებულების შეუსწავლელად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სათანადო დეპარტამენტებთან შეუთანხმებლად და საბანკო და სხვა სახის გარანტიების მოთხოვნის გარეშე, ასევე „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვის არარსებობის მიუხედავად, იმავე დღეს, 2008 წლის 10 იანვარს, კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმიური საბრძოლო მომზადების შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით, საიდანაც, დ.კ.-ს დავალებით 5 060 000 ევრო გადაირიცხა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო კომპანიის მხრიდან სანაცვლოდ შესასრულებული ვალდებულება – სამხედრო წვრთნების ჩატარება – საერთოდ არ განხორციელებულა.

საინტერესოა ის გარემოება, რომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმეების წარმოება საქართველოს პროკურატურამ 2013 წელსვე დაიყო და მაშინ აცხადებდნენ, რომ ამ უკანასკნელის წინააღმდეგ ჩვენებას 118 მოწმე იძლეოდა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს, სიძესთან (დის ქმარი) მეირი ჯანაშვილთან ერთად დაუსწრებლად ასამართლებდნენ. როგორც  მაშინდელი პროკურატურა ირწმუნებოდა, სასამართლოში მათ ბრალეულობას 118 მოწმე დაადასტურებდა. პროკურატურის ინფორმაციით, სპირტის იმპორტიორებმა ნიკოლოზ დავითაშვილმა და იოსებ იმნაძემ, რომელთა ბიზნესსაც კეზერაშვილი პირადი გამორჩენის სანაცვლოდ მფარველობდა, პროკურატურასთან ითანამშრომლეს და  ბრალი აღიარეს

ჩამონათვალი კი ასეთია.

ეპიზოდი პირველი – “სპირტიანი ქრთამი”

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დავითაშვილმა და იმნაძემ ყურძნის მასალასთან ეთილის სპირტის შერევით და ტექნოლოგიური მანიპულაციებით, ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტის წარმოება განიზრახეს.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მათ დაარეგისტრირეს შპს “განთიადი” და შპს “ნაფარეული” და სახელმწიფო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით შეადგინეს დანაშაულებრივი სქემა, თუ როგორ უნდა შემოსულიყო ეთილის სპირტი შიდა ბაზარზე ისე, რომ არ მოქცეულიყო იმპორტის დაბეგვრის რეჟიმში.

დავითაშვილმა და იმნაძემ სუფრაზე გაიცნეს ფინანსური პოლიციის იმჟამინდელი უფროსის დავით კეზერაშვილის დის ქმარი მეირი ჯანაშვილი, გაანდეს დანაშაულებრივი გეგმა და სთხოვეს შუამდგომლობა დავით კეზერაშვილთან.

ჯანაშვილი მოელაპარაკა კეზერაშვილს, რომელმაც ბიზნესის მფარველობის სანაცვლოდ 1 ლიტრ სპირტზე 0,3 ამერიკული დოლარის გადახდა მოითხოვა.

გამოძიების მასალებით, კეზერაშვილისგან თანხმობის მიღების შემდეგ. იმნაძემ და დავითაშვილმა უკრაინული სპირტის საწარმოს შეუკვეთეს 480 ტონა ეთილის სპირტი და საქმიანობა დაიწყეს.

2007 წლის 8 იანვარს, 240 ტონა სპირტი დავით კეზერაშვილის დახმარებით, საქართველოში შემოვიდა, რის სანაცვლოდაც მან ქრთამის სახით 72 000 აშშ დოლარი აიღო. ამავე წლის 5 თებერვალს, აღნიშნულმა პირებმა საქართველოში კვლავ 240 ტონა სპირტი შემოიტანეს _ კეზერაშვილს ისევ 72 000 აშშ დოლარი ერგო.

2007 წლის 7 თებერვლიდან 11 მაისის ჩათვლით, საქართველოში 2445 065 ლიტრი სპირტის შემოტანის სანაცვლოდ, კეზერაშვილმა ქრთამის სახით 733 519 აშშ დოლარი მიიღო.

2007 წლის მაისის ბოლოს, უკვე თავდაცვის მინისტრმა კეზერაშვილმა ქრთამის სახით გადასახდელი თანხის გაზრდა მოითხოვა. კერძოდ, 1 ლიტრ სპირტზე ის 0,7 დოლარს ითხოვდა, შესაბამისად, 2007 წლის 8 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში შემოტანილ 3 353 269 ლიტრ სპირტზე მას 2 011 961 აშშ დოლარი გადაუხადეს.

2008 წლის იანვრიდან, კეზერაშვილმა კვლავ გაზარდა ქრთამად მისაღები თანხის რაოდენობა და 2 203 646 ლიტრ სპირტზე 1 542 552 აშშ დოლარი აიღო. 2008 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე, შემოტანილ 410 252 ლიტრ ეთილის სპირტზე ქრთამად აიღო 237 946 აშშ დოლარი.

თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი იცავს. ის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამტკიცებს რომ კეზერაშვილი პოლიტიკურად იდევნება. მისი თქმით, პროკურატურა კეზერაშვილს 12 მილიონი დოლარის ქრთამის აღებას ედავება და მხოლოდ 60 ათასი დოლარის ჩარიცხვის ფაქტს ადასტურებს. ადვოკატი ეჭვქვეშ აყენებს შემოტანილი და რეალიზებული სპირტის რაოდენობასაც, რადგან მისი თქმით, ამ შემთხვევაში, მთელი ერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ უნდა ყოფილიყო.

ეპიზოდი მეორე  – “იმედის” საქმე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით “ გიორგი უგულავას მითითებით ჯოზეფ კეიმ თავისი წილი გადასცა დავით კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ პანამაში რეგისტრირებულ კომპანია “bordex limited”-ს, ხოლო თანხის გადახდა განხორციელდა შემდეგი გეგმით: გიორგი უგულავა მოელაპარაკა შპს “ახალი რიყის“ მესაკუთრეებს, რომ მათ მიერ 2006 წელს 7 000 000 აშშ დოლარად შეძენილ რიყის ტერიტორიას მერია ვითომდა 17 000 000 აშშ დოლარად უკან გამოისყიდდა, საიდანაც 10 000000 აშშ დოლარი გათვალისწინებული იყო ჯოზეფ კეისათვის გადასაცემად.

ქალაქის მერიამ 2008 წლის 29 დეკემბერს, ქ. თბილისის მთავრობის სახელით გამოსცა დადგენილება, რომლის საფუძველზეც თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული “ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდიდან“ რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვის მიზნით შპს “ახალ რიყეს“ გადაერიცხა 17 000 000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ შპს “ახალი რიყეს” ხელმძღვანელობასა და ჯოზეფ კეის კომპანიას “lakebrow limited”-ს შორის გაფორმდა ფიქციური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს “ახალი რიყეს“ საბანკო ანგარიშიდან ჯოზეფ კეის კომპანიას ჩაერიცხა 8 811 189 აშშ დოლარი, ანუ ტელეკომპანია “იმედი“ მისაკუთრებული იქნა ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისებისა და შემდგომი გათეთრების გზით.“

ეპიზოდი მესამე – გამქრალი მილიარდ ექვსასი ათასი და არჩილ კბილაშვილის კომენტარი

დავით კეზერაშვილს, საქართველოს პროკურატურა,  13 მილიონამდე ლარის მითვისებას ედავებოდა.

“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, არსებობდა აუდიტის აქტი, რომელიც 2008-2009 წლებში თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას ასახავდა, რომლის მიხედვითაც გაცილებით დიდი ოდენობის გაფლანგულ თანხაზეა საუბარი.

“გურია ნიუსმა” ამ საკითხის გარკვევა, 2013 წელს,  საქართველოს მაშინდელ მთავარ პროკურორთან, არჩილ კბილაშვილთან სცადა.

_ ბატონო არჩილ, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს 13 მილიონს ედავებით. ჩვენი ინფორმაციით, 2008 წელს ამერიკელები თავდაცვის სამინისტროსთვის მათ მიერ გადმორიცხულ მილიარდ ექვსასი ათასს დოლარს ეძებდნენ, მაგრამ რაში იქნა გახარჯული, ვერ დაადგინეს. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია? რა ხდება კეზერაშვილის საქმეში, მხოლოდ ეს ერთი ეპიზოდი გაქვთ?

_ კეზერაშვილის საქმე, რომელიც გარეთ გამოვიდა და გასაჯაროვდა, არ ეხება თავდაცვის სამინისტროში მისი მინისტრობის პერიოდს

ეს ცალკე თემაა და მიმდინარეობს გამოძიება თავდაცვის სამინისტროში საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის შემოწმების კუთხით. აღებული გვაქვს 2004 -2012 წლების პერიოდი. ძალიან დიდი მოცულობის საქმეა და რევიზორები გამალებით მუშაობენ. უამრავი ეპიზოდია, რომელიც ყურადღებას იმსახურებს და მიმდინარეობს მათი დამუშავება და შესწავლა. ეს იმდენად დიდი თემაა, რომ ალბათ ჩვენ მოგვიწევს პატარ-პატარა ეპიზოდების სრულად შესწავლა და გამოტანა. თორემ სხვანაირად, ეს რთული იქნება. მთელი წელი დაჭირდება. ათეულობით ეპიზოდის გამოტანა მოგვიწევს.

მას შემდეგ 8 წელი გავიდაა და 2021 წელს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, საქართველოს პროკურატურის 2018 წლის 21 ივნისის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, გააუქმა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გამამართლებელი განაჩენი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვისათვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დ.კ. დამნაშავედ ცნო.

კომენტარები
იტვირთება...