პროკურატურა: გვაზავასა და კალომლეწავზე თავდასხმის განხორციელების ვერსია გამოირიცხა

ტაბახმელა-თბილისის ავტომაგისტრალზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ დროისთვის მოპოვებული მასალებით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან გვაზავასა და მის დეიდაშვილზე, რევაზ კალომლეწავზე თავდასხმის ვერსია გამოირიცხა.  განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები, რომელთა შედეგების მიხედვით საჭიროების შემთხვევაში დაზუსტდება კვალიფიკაცია და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

"2015 წლის 28 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2015 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 22:00 საათზე ილია ქერტყოევი, ლევან გვაზავა, რევაზ კალომლეწავი და გურამ თათელაძე, ილია ქერტყოევის მართვის ქვეშ მყოფი ,,mercedes ml“-ის მარკის ავტომანქანით სოფელ პანტიანიდან, სადაც ლევან გვაზავას ნათესავთან აღნიშნეს მარიამობის დღესასწაული, ბრუნდებოდნენ ქ. თბილისში. ავტომანქანის წინა სავარძლებზე ისხდნენ ილია ქერტყოევი და რევაზ კალომლეწავი, ხოლო უკან – ლევან გვაზავა და გურამ თათელაძე. გზაში ლევან გვაზავამ უმიზეზოდ ამოიღო სავარაუდოდ შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ,,გლოკი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა გურამ თათელაძის მოთხოვნით შეინახა. აღნიშნულიდან რამდენიმე წუთში, როდესაც ავტომანქანა იმყოფებოდა თბილისი -კოჯორის გზატკეცილის 2/156-ე კილომეტრზე, ავტომანქანის სალონში სავარაუდოდ ლევან გვაზავას კუთვნილი იარაღიდან მოხდა გასროლა, რის შედეგადაც სასიკვდილო დაზიანება მიიღო ლევან გვაზავას დეიდაშვილმა რევაზ კალომლეწავმა და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ ლევან გვაზავამ სავარაუდოდ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით მიიყენა თვითდაზიანება თავის არეში, რის შემდგომაც იგი გადაყვანილ იქნა შპს ,,მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი – საუნივერსიტეტო კლინიკა“-ში.
ზემოაღნიშნული გარემოებები და მათ შორის მანქანაში მომხდარი ორი გასროლის ფაქტი დადასტურებულია როგორც შემთხვევის უშუალო თვითმხილველი, ასევე შემთხვევის ადგილზე მოკლე დროშივე მისული მოწმეების ჩვენებებით, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რის შედეგადაც ნანახი და ამოღებულია სავარაუდოდ ,,გლოკი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი მხოლოდ ორი მასრა, ტყვიის ერთი გულა და ლევან გვაზავას კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი.
ამდენად, გამოძიების მოცემულ ეტაპზე მოპოვებული მასალებით გამოირიცხა ლევან გვაზავაზე და რევაზ კალომლეწავზე თავდასხმის განხორციელების ვერსია", – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად