პროკურატურა: გიორგი რურუას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მოთავსებულია შსს-ს ნივთმტკიცებათა მოსათავსებლად განკუთვნილ პაკეტში და დალუქულია კანონით დადგენილი ყველა წესის დაცვით

საქართველოს პროკურატურა “მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი (ჟორიკა) რურუას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულ გიორგი რურუას ინტერესების დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა გიორგი რურუასგან მთავარი მტკიცებულების ამოღება და დალუქვა არ მოხდა სპეციალური პაკეტით და ყველა წესის დაცვით, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სამართალდამცველების მხრიდან ბრალდებულ გიორგი რურუას პირადი ჩხრეკა გადაუდებელ შემთხვევაში ჩატარდა და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მოთავსებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებათა მოსათავსებლად განკუთვნილ პაკეტში, რომლის დალუქვაც განხორციელდა კანონით დადგენილი ყველა წესის დაცვით. აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნით სპეციალურ ნივთმტკიცებათა პაკეტზე დატანილი ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტების გამოკითხვა შემდგომ სასამართლო სხდომებზე მოხდება” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმეზე, ბრალდების მხარის 4 მოწმე, ექსპერტ-კრიმინალისტები დაიკითხა, აქედან 2 ესწრებოდა ნუშის აღების პროცედურას, 2 ესწრებოდა გიორგი რურუას ავტომობილის ჩხრეკას.

რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის შეფასებით კი “ესენი არ არიან მნიშვნელოვანი მოწმეები საქმესთან დაკავშირებით, ისინი უბრალოდ ესწრებოდნენ ავტომობილის ჩხრეკას, მაგრამ მათ მაინც მიაწოდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასამართლოს. კერძოდ, სასამართლოს დაუდასტურეს და განუმარტეს, რომ ბამბის ჩხირით შესაძლებელია დნმ-ის ნიმუშის დატანა ნებისმიერ ნივთზე”

ცნობისთვის, შსს-მ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი (ჟორჟიკა) რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა, განაცხადა, რომ გიორგი რურუას რეგისტრირებული 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. თუმცა, ის იარაღი, რომელიც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა, რეგისტრირებული არ იყო.

თუმცა, გიორგი რურუამ სასამართლო დარბაზში განაცხადა როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად