პროკურატურა: დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ რამიშვილი მოწმის სახით დაიკითხება

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხება.

“თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო ორგანოს მიეცა ნებართვა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან მომხდარიყო დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის, ე.წ. სატელიტების ფოტოების მიღების და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის  გამოთხოვა, რომელიც მიხეილ რამიშვილის კომუნიკაციას მის მიერვე საჯაროდ დასახელებულ წყაროსთან დავით ფურცხვანიძესთან ასახავს.

აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ მომხდარა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დათვალიერება და გამოთხოვა, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს გამოძიების ინტერესის საგანს. ასევე აღსანიშნავია, რომ მობილურის შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის დალუქვა მოხდა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენის შემდგომ და მისი თანხმობით.

21 სექტემბერს თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში მიხეილ რამიშვილთან ზემოხსენებული განჩინების ფარგლებში მიმდინარე გამოთხოვის პროცესში აღმოჩენილი იქნა მიხეილ რამიშვილსა და დავით ფურცხვანიძეს შორის არსებული კომუნიკაცია და ასევე, მობილურ ტელეფონში არსებულ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ნანახი იქნა დავით ფურცხვანიძის მიერ გამოგზავნილი და მიხეილ რამიშვილის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები, რომელთა სიყალბე დადასტურდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით.

იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა მომხდარიყო აღნიშნული ინფორმაციის დამაგრება, ისე რომ არ შეცვლილიყო მისი ციფრული მონაცემები (ე.წ. „ჰეშები“) და მომხდარიყო ორიგინალი ინფორმაციის გადმოტანა დისკზე და საქმეზე დართვა, საჭირო იყო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რაც არ გააჩნდა თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობას. აღნიშნულის გამო მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მომხდარიყო ინფორმაციის გამოთხოვა მისი მონაწილეობით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რაზეც მან განაცხადა თანხმობა.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონიდან განხორციელდა მისი და დავით ფურცხვანიძის კომუნიკაციის ამსახველი, სატელიტების ფოტოების მიღების და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა. ინფორმაციის გამოთხოვის პროცესში მონაწილეობდა თავად მიხეილ რამიშვილი, რა დროსაც მისი მობილური ტელეფონიდან მოხდა მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოთხოვა, რაც მითითებული იყო მოსამართლის განჩინებაში და რაიმე სხვა პირადი ხასიათის ინფორმაცია გამოთხოვილი არ ყოფილა.

დღეს დილითვე, მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი იქნა დისკზე და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, რასთან დაკავშირებითაც შედგა შესაბამისი ოქმი, თუმცა მიხეილ რამიშვილმა მასზე ხელმოწერაზე და ასევე მისი ტელეფონის ჩაბარებაზე არაერთი შეთავაზების მიუხედავად უარი განაცხადა და დატოვა ექსპერტიზის ბიუროს ადმინისტრაციული შენობა.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხსენებული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა ხელს არ უშლის მას განაგრძოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დაცვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეზე”, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა ის „ტვ სპუტნიკ“ -ის დამფუძნებელ დავით ფურცხვანიძესთან ერთად, სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოების გავრცელების გამო დააკავონ.

შეგახსენებთ, მიხეილ რამიშვილმა 2020 წლის 9 სექტემბერს  “ფორმულას” გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა, სატელიტის კადრებში 19 და 20 ივლისს ტყეში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა არ დგას და ასევე გამოქვეყნა ფოტოები. (ვიდეო)

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.
რამდენიმე დღის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო.

შსს-მ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩნარების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რა თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, მოგვიანებით კი 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაემატა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მოგვიანებით,  თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად