პროკურატურა: აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მირზა სუბელიანი გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა P.S.-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელიც P.S.-ის ინფორმაციით გლდანის№ 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი, სადაც მათივე ინფორმაციით ფიგურირებს ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, დათო ცუხიშვილი.

P.S.- ის ინფორმაციით მირზა სუბელიანი ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს და საქმეებს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული – სერგო თეთრაძის საქმე, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე და ციხის ბუნტის საქმე, რომლებისთვისაც ბაჩო ახალია იხდის სასჯელს. ნავთლუღის საქმეზე მსჯავრდებულია დათა ახალაიაც. ე.წ. ვანოს საქმე და აქ აშკარაა, რომ იგულისხმება მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა. აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებისთვის ეს საქმეები სწორედ სუბელიანმა “დაალაგა.”

გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით, “აიპრესი” მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს:

“აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მირზა სუბელიანი, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო 2018 წლის 12 ოქტომბერს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი, 157’-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ხვალ ეცნობება საზოგადოებას”, – განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...