“პროექტის საშუალებით ონკოლოგიურ რადიოთერაპიაში ახალი მიმართულება დაინერგება”

საქართველოსშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CERN-ის სამეცნიერო დირექტორს, სერჯიო ბერტოლუჩის, CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველს, ქრისტოფ შეფერს, ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტს, ფერნანდო ფერონის, ფიზიკოს გია დვალსა და საერთაშორისო ექსპერიმენტატორ თემურ ლომთაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე პროექტის შესახებ ისაუბრეს და ყურადღება სამედიცინო მხარეებზე, ასევე ონკოლოგიაში გაზრდილ შესაძლებლობებზე გაამახვილეს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხებზე შეხვედრები ადგილობრივი  და წამყვანი კლინიკების სპეციალისტებს შორის გაიმართება. სწორედ ამ პროექტის მეშვეობით, რადიოლოგიაში ახალი მიმართულება დაინერგება, მაღალი დონის სპეციალისტები ადგილზე მომზადდებიან და ერთი კონკრეტული დარგის განვითარებას სხვა მიმართულებების განვითარება მოჰყვება.

„ახალი კომუნიკაციები, ექიმებისა და ტექნიკური პერსონალის გადამზადების შესაძლებლობა ევროპის წამყვან კლინიკებში – ვფიქრობ, ამ პროექტის ჯანდაცვის კუთხით, ყველაზე დიდი დადებითი მხარე არის ეს კომპლექსური შესაძლებლობები და არა საკუთრივ ტექნოლოგია, რადგან ტექნოლოგია უძლური იქნება, თუ არ იქნება კომპლექსური მიდგომა“ – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ განზრახულობათა ოქმი გუშინ გაფორმდა. 

CERN, CNAO და INFN ქართულ მხარეს ექპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და ფუნქციონირების საქმეში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებს და ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო-ტექნიკური ბაზის საპროექტო დოკუმენტაციას გადასცემს.

ტექნოლოგიური ინსტიტუტის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის კი სათანადო გამოცდილების მქონე ექსპერტებს გამოყოფს. მხარეების ტუდენტების და მკვლევარების მომზადების, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავების კუთხითაც ითანამშრომლებენ. ცენტრი ფიზიკის, თანამედროვე მედიცინისა და სხვა დარგების თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და სასწავლო პროგრამებში ჩაერთვება. იგი სხვა საკითხებთან ერთად, თანამედროვე მედიცინის განვითარებაზე იმუშავებს და ონკოლოგიურ დაავადებებთან თუ სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან საბრძოლველად ქვეყანაში მეცნიერების უახლეს მიღწევებს დანერგავს.

500 მილიონი ევროს ღირებულების ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად