პროექტის „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ ფარგლებში 23 კონცერტი ჩატარდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე) ორგანიზებით, პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ განხორციელდება

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში შემეცნებითი 23 ლექცია-კონცერტი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მუსიკოს-შემსრულებლები საინტერესო ფორმით მოუთხრობენ ბავშვებს მუსიკაზე, მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე, ეპოქაზე, ნაწარმოებებსა თუ ინსტრუმენტებზე. აღნიშნულ ღონისძიებებს ინტერაქტიული, შემეცნებით-გასართობი ფორმა ექნება.

ლექცია-კონცერტები ჩატარდება სამეგრელოში, გურიასა და კახეთში. პროექტი სტარტს აიღებს 11 ივლისს ზუგდიდსა და ხობში, 12 ივლისს წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გადაინაცვლებს, 13 ივლისს კონცერტი-საუბრები სენაკსა და აბაშაში გაიმართება, ხოლო 14 ივლისს სამეგრელოს ტური ფოთში დასრულდება. 15 ივლისს პროექტი გურიის რეგიონში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში გაგრძელდება, ოზურგეთს კი მუსიკოსები 16 ივლისს ესტუმრებიან. 20 ივლისიდან კლასიკური მუსიკის კონცერტები კახეთის რეგიონში, კერძოდ კი საგარეჯოსა და დედოფლისწყაროში გადაინაცვლებს, 21 ივლისს სიღნაღი და ლაგოდეხი, ხოლო 22 ივლისს ახმეტა უმასპინძლებს მუსიკოსებს.

პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში ლექცია-კონცერტები შემოდგომაზე, გურჯაანის რაიონში (კაჭრეთი, ველისციხე, ნატო ვაჩნაძის სახელობის სახლ-მუზეუმი და იოსებ ნონეშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი), შემდეგ კი დედაქალაქის პერიფერიებში ჩატარდება.

პროექტში მონაწილეობენ: თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი („თაო“, ხელმძღვანელები – მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე), სიმებიანი კვარტეტი „იბერი“ და თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით.

ინფორმაციისთვის, პროექტში მონაწილე მუსიკოსები შეირჩნენ არა მხოლოდ მათი პროფესიული ნიშნით, არამედ იმ გამოცდილებითაც, რაც მათ უკვე გააჩნიათ ბავშვებთან ურთიერთობაში. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით, ამ პროექტისთვის შეირჩა ისეთი მუსიკალური კოლექტივები, რომლებსაც არა აქვთ სახელფასო დაფინანსება ან აქვთ არასრული წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ ლექცია-კონცერტები რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.

კომენტარები
იტვირთება...