პროექტი “ქართული მრავალხმიანობა საქართველოს სტუმრებს” ანსამბლ “ერისიონის” კონცერტით დაიხურება

#გაატარეზაფხულისაქართველოში კამპანიის ფარგლებში პროექტი ,,ქართული მრავალხმიანობა საქართველოს სტუმრებს“ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაღში 15 ივლისიდან დაიწყო, სადაც მონაწილეობა თხუთმეტამდე ინდივიდუალურმა, საოჯახო თუ თბილისურმა ანსამბლებმა მიიღო.

30 სექტემბერს 20:00 საათზე ანსამბლი მსმენელის წინაშე ანსამბლი 1 საათიანი პროგრამით წარდგება, სადაც საეკლესიო საგალობლებს, სარიატუალო-საწესჩვეულებო და შრომის პროცესის გამომხატველ სიმღერებს შეასრულებს.

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ 1885 წელს შეიქმნა. ანსამბლმა მესამე საუკუნეში შეაბიჯა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა, როგორც ჩვენში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. მას ანსამბლ–მუზეუმსაც კი უწოდებენ.

კონცერტთან ერთად, ფოლკლორის ცენტრის გალერეაში წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია – ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას ფოტოკოლექცია ,,ეს ჩემი საქართველოა” და თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონის სასწავლებლის უნიკალური კოლექცია – XIX საუკუნის ქართული, ეროვნული სამოსი, ორიგინალი კოსტიუმის ანალოგები – ქალისა და მამაკაცის ქალაქური – თავადური, ხევსურული, აჭარული, თუშური ტრადიციული სამოსი (სამუზეუმე ექსპონატები), ასევე მათი გათანამედროვებული ვარიანტები, ნაქარგობის ნიმუშები, ტრადიციული მეთოდით დამუშავებული თექა, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსი.

არსებობის მანძილზე ანსამბლმა უამრავ წარმატებას მიაღწია, ანსამბლში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ და ხელმძღვანელობდნენ ქართული კულტურის გამოჩენილი და ღვაწლმოსილი პროფესიონალები, რომელთაც, შემდგომში დიდი სამსახური გაუწიეს, ქართულ კულტურას: ზაქარია და ივანე ფალიაშვილები, ძმები ბალანჩივაძეები, კავსაძეების მთელი დინასტია, კირილე პაჭკორია, ბიჭიკო გველესიანი, ჯანო ბაგრატიონი, ბუხუტი დარახველიძე, შალვა მშველიძე, დავით ჯავრიშვილი და სხვები.

135 წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლს ქართველმა ხალხმა დამსახურებული ღვაწლისთვის 2010 წელს საქართველოში ვარსკვლავი გაუხსნა.

პროექტის ,,ქართული მრავახმიანობა საქართველოს სტუმრებს“ მხარდამჭერები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი, მეფე თამარის სახელობის სკოლა – პანსიონი და რესტორანი ,,ეკო გარდენი”.

პროექტ ,,ქართული მრავახმიანობა საქართველოს სტუმრებს“ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად