თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთმა, მუჰარემ ინჯემ, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად სექსუალური ხასიათის ყალბი სურათები დაასახელა. მუჰარემ ინჯეს მტკიცებით, 45 დღის განმავლობაში ცილისწამების მსხვერპლი იყო და თურქეთის ხელისუფლებამ მისი რეპუტაცია ვერ დაიცვა.

BBC-ი წერს, რომ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით მუჰარემ ინჯეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის უდიდეს კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს დიდ ბიძგს აძლევს, რომელიც ექვსი ოპოზიციური პარტიის ალიანსს ხელმძღვანელობს და ბოლო გამოკითხვებით მას ხმას ამომრჩევლის 49%-ი აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების თანახმად, მუჰარემ ინჯეს ამომრჩევლის მცირე ნაწილი აძლევს ხმას, ოპოზიციის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ მის მიერ კანდიდატურის მოხსნის შედეგად, შესაძლოა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 50%-ზე მეტი მიიღოს.

ცნობისათვის, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 14 მაისს იმართება. თუ ხმების 50%-ს ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ მეორე ტური გაიმართება. არჩევნებში, მუჰარემ ინჯეს მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, პრეზიდენტობის სამი კანდიდატი მონაწილეობს.