პრეზიდენტმა შეწყალების ახალი წესი თალაკვაძესთან და წულუკიანთან განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და ვიცეპრემიერსა და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, ადმინისტრაციაში ,,შეწყალების წესის შესახებ” პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი შემუშავდა, რომელიც შესაბამისი რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს ,,შეწყალების წესის შესახებ“ ბრძანებულების პროექტთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებები მოისმინა.

“აღნიშნულ საკითხზე დღეს ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისაგან.
არანაირი სირთულე არ არსებობს და იმედი მაქვს, რომ ჩემს ადმინისტრაციაში ბრძანებულების ტექსტის რედაქტირება ძალიან მალე დასრულდება იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელზეც შევთანხმდით და რომელიც ჩემთვის სრულიად მისაღებია, იმისათვის, რომ დროულად გამოიცეს პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც შეწყალების წესთან დაკავშირებით პარლამენტს კონსულტაციისათვის მიმართა, საკუთარი მოსაზრებები გააცნო.

“პრეზიდენტს მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები, თუ რა კრიტერიუმებითა და რა პრონციპებზე დაყრდნობით შეიძლება მომავალში მოხდეს შეწყალება. მიგვაჩნია, რომ შეწყალების გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს დანაშაულის ხასიათი და სოციალური რისკი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

იუსტიციის მინისტრმა პრეზიდენტთან შეხვედრას პროდუქტიული, საინტერესიო და ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ შეწყალებისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული, გარეთ გამოსული ადამიანი რამდენადაა რისკის შემცველი საზოგადოებისათვის და ხომ არ ჩაიდენს ის თავიდან დანაშაულს.

“შესაბამისად, ჩვენი ამოსავალი პრინციპია პატიმრის შეწყალება, მაგრამ ასევე საზოგადოების დანაშაულისაგან დაცვა.
ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემას, იმისათვის, რომ პატიმრებს, პრობაციონერებსა და მსჯავრდებულებს შეწყალების პროცედურებთან დაკავშირებით უფრო მეტი განჭვრეტადობა ჰქონდეთ”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად