პრეზიდენტმა მთავრობას მოვალეობის შესრულება დააკისრა

მე-9 მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილად გამოცხადდა. რეგლამენტის თანახმად, ამ დროს საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება უწყდება.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის მე-80 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს მთავრობას მოვალეობის შესრულება დააკისრა ახალი შემადგენლობის შექმნამდე. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

ცნობისთვის, პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტმა, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 5 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს პრემიერმინისტრის კანდიდატურა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა მთვრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში უნდა წამოაყენოს „ქართული ოცნების“ მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერმინისტრის კანდიდატურა. 

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა 7 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს მინისტრთა კანდიდატურები და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად. საქართველოს მთვრობის შემადგენლობასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს სამთავრობო პროგრამა. 

კომენტარები
იტვირთება...