პრეზიდენტმა დონალდ ტუსკი საქართველოში მოიწვია

გიორგი მარგველაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა მედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოში მოიწვია. 

შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგის პრიორიტეტები და აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები იყო. როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, საქართველო მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს სამიტის წარმატებაში კონკრეტული შედეგების დემონსტრირებით. საუბარი ასევე შეეხო ვიზა-ლიბერალიზაციის მნიშვნელობას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. 

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას. გიორგი მარგველაშვილმა და დონალდ ტუსკმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების“ სრული მიუღებლობა.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები რეგიონსა და საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გარემოზე, ასევე იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ევროკავშირი არსებულ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით ასრულებს. ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. 
 
დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა  უკრაინის კრიზისის გამო კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება და აღნიშნა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ ომით დაიწყო.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და ის ქართველი ხალხის ეროვნულ და ისტორიულ არჩევანს წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად