A1 ბანერი

პრეზიდენტი:სარგსიანთან ვისაუბრე პროექტებზე, რომლებმაც რეგიონს უნდა მოუტანოს ეკონომიკური მოგება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის პრეზიდენტის სასახლეში განცხადებები გააკეთეს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვიზიტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ წელს საქართველო – სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელი შესრულდა.

"ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების საკითხებზე. თანახმა ვართ, რომ ყველა რთული საკითხი გადაწყდეს საერთაშორისო სამართლის და მოლაპარაკებების ფარგლებში.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ პერსპექტიულ პროექტებზე, რომლებმაც რეგიონს უნდა მოუტანოს მეტი ეკონომიკური მოგება და მეტი სტაბილურობა. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების სტრატეგიულ ჩართულობაზე, როგორც ევროკავშირის მასშტაბით, ასევე სომხეთის აქტიურ თანამშრომლობაზე ევრაზიული კავშირის ფარგლებში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროპასთან, ხოლო სომხეთი ევრაზიის საბაჟო კავშირის წევრია, ამ გარემოებამ არანაირად არ შეასუსტა ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ პირიქით, წელს ჩვენ ვხედავთ, რომ ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის გაიზარდა, ასევე ტურიზმის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.

აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, კიდევ ერთი მცდელობა მთლიანად ავითვისოთ პოტენციალი ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, პოტენციალი, რომელიც არსებობს ორმხრივ ურთიერთობებში და კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა ორ მოძმე ერს შორის", – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...