პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2007-10 წლებში დაგროვილი 4 მილიონამდე ლარის სამივლინებო ხარჯების დავალიანება ერიცხება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის ფინანსური აუდიტი ჩაატარარომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებას 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგებას, კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგებას, ასევე მათთან დაკავშირებულ დანართებს მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის. როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, ადმინისტრაციას დღემდე დავალიანებად ერიცხება სამივლინებო ხარჯების 4 მილიონამდე ლარი.

ანგარიშის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ირიცხება 2007-2010 წლებში წარმოშობილი 3,775,406 ლარის ოდენობის დებიტორული დავალიანება, რომელიც ადმინისტრაციის განმარტებით, წარმოადგენს მივლინების ხარჯებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის გამო, გაურკვეველია ანგარიშვალდებული პირები. შედეგად, ვერ მივიღეთ რწმუნება ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ში ასახული 3,775,406 ლარის ოდენობის ,,სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების“ ნაშთის არსებობაზე, სისრულესა და სიზუსტეზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 2004 წელს შექმნილი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის მიმართ არსებული 1,995,448 ლარის ოდენობის დებიტორული დავალიანება. ფონდის მიზანს წარმოადგენდა ინსტიტუციონალური და საჯარო რეფორმების განხორციელება, საჯარო მოსამსახურეთა გადამზადება (კვალიფიკაციის ამაღლება) და სხვა, რომლის ლიკვიდაცია განხორციელდა 2010 წელს.

აუდიტის პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ საქართველოს ეროვნული არქივიდან მოძიებულ იქნა ფონდის სალიკვიდაციო დოკუმენტები. სალიკვიდაციო კომისიის მიერ შედგენილი დოკუმენტაციით (ლიკვიდაციის აქტი/ბალანსი), პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ დავალიანება არ ირიცხებოდა. ლიკვიდირებული ორგანიზაციიდან დებიტორული დავალიანების დაფარვის ალბათობა ძალიან მცირეა. შედეგად, ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ში ,,სხვა მოკლევადიანი მოთხოვნების“ ნაშთი 1,995,448 ლარით ზედმეტად არის წარმოდგენილი, რაც შეუსაბამოა ბუღალტრული აღრიცხვის ინსტრუქციის მოთხოვნებთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად