პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანონზე მაღლა სააკაშვილის ბრძანებულებას აყენებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მივლინებებების დროს საჯარო ინფორმაციის გაცემისას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2005 წელს მიღებული ბრძანებულებით მოქმედებს, რაც ადმინისტრაციულ კოდექსს ეწინააღმდეგება. 

იურისტების შეფასებით, ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ იერარქიულად ჯერ ადმინისტრაციული კოდექსი დგას შემდეგ კი კანონქვემდებარე აქტი, რომელსაც პრეზიდენტის ბრძანებულება მიეკუთვნება.

როგორც „აიპრესს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, მოთხონილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, სამივლინებო ხარჯების დათვლა ვიზიტის დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს. ადმინისტრაციიდან მოწერილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ საკითხს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის #231 ბრძანებულება არეგულირებს. 

2005 წელს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელსაც არასამთავრობო სექტორი მუდმივად აკრიტიკებდა, რომ ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია საჯარო ინფორმაციას არ გასცემდა. თუმცა, ბრძანებულება, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცემას აყოვნებს დღესაც მოქმედებს.

ჩვენ ვითხოვდით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოეწოდებინა ინფორმაცია პრეზიდენტისა და მისი დელეგაციის ბრაზილიის ქალაქ რიო დე-ჟანეიროში მივლინების ხარჯები.

ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად კი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ ან თუ ინფორმაცია დამუშავებას საჭიროებს მისი გაცემა ათ სამუშაო დღეში უნდა მოხდეს. გარდა იმ შემთხვევებისა თუ ეს ინფორმაცია სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას არ მიეკუთვნება ან/და არ შეიცავს პერსოანლურ მონაცემებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი საქმე არც ერთ ასეთ შემთხვევასთან არ გვაქვს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება კანონქვემდებარე აქტია, რომელიც იერარქიულად ადმინისტრაციულ კოდექსზე დაბლა დგას. შესაბამისად პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა.

„პრეზიდენტის ბრძანებულება ეს არის კანონქვემდებარე აქტი, შესაბამისად ნორმათა იერარქიაში ადმინისტრაციული კოდექსი პრეზიდენტის ბრძანებულებაზე მაღლა დგას. ყველაზე მაღლა დგას საქართველოს კონსტიტუცია, შემდეგ მოდის კონსტიტუციური შეთანხმება (ასეთი ერთადერთია, სახელმწიფოს ეს შეთანხმება ეკლესიასთან აქვს დადებული), შემდეგ საერთაშორისო ხელშეკრულებებია, მერე მოდის ორგანული კანონები, შემდეგ კანონები და პარლამენტის რეგლამენტი, შემდეგ მოდის კანონქვემდებარე აქტები, ამაში შედის პრეზიდენტის ბრძანებულება და მთავრობის დადგენილება. 

საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს 10 დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა თუკი ინფორმაცია „საიდუმლო“ გრიფს არ მიეკუთვნება. გრიფს ის უწყება აკუთვნებს, რომლის აქტიც არის ეს. მაგრამ გრიფის დადება ყველაფერზე არ შეიძლება, ამას არეგულირებს „საიდუმლოების შესახებ კანონი“. 

იმ შემთხვევაში როდესაც ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას არ მიეკუთვნება, მაშინ რაიმე ტიპის შეზღუდვის დაწესება ამ ინფორმაციის გაცემის თაობაზე, იქნება ეს ვადიანი შეზღუდვა თუ სხვა კანონს არ შეესაბამება. როგორც აღნიშნეთ, უშიშროების საბჭომ იგივე ინფორმაცია მოგაწოდათ, ეს ნიშნავს რომ საბჭო სწორად მოიქცა“, – აცხადებს ხმალაძე.

მისივე თქმით, მან არ იცის პრეზიდენტის 3-7 აგვისტოს მივლინება რატომ გაფორმდა 29 ივლისიდან. ხმალაძე აცხადებს, რომ ამ კითხვაზე პასუხი იმან უნდა გასცეს, ვინც მივლინებაში იმყოფებოდა. 

„ეს უნდა ჰკითხოთ მას ვინც მივლინებაში იყო. საერთოდ ასე ხდება, ვიზიტს აქვს ოფიციალური პერიოდი, თუმცა შესაძლებელია ადამიანი ოფიციალუი ვიზიტის დაწყებამდე ჩავიდეს. მაგალითად, რაღაცა კონფერენცია იწყება ორშაბათს დილის 9 საათზე და მთავრდება სამშაბათს საღამოთი. ამ შემთხვევაში მე შეიძლება ჩავიდე წინა დღით. ეს იმიტომ, რომ ახალი ჩასული და გამოუძინებელი არ მივიდე კონფერენციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი შრომის უნარიანობა იქნება დაბალი. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხევას, ამაზე მე ვერ გიპასუხებთ“, – განუცხადა ვახტანგ ხმალაძემ „აიპრესს“. 

იურისტი იმედა დვალიძე აცხადებს, რომ საჯარო მოხელის ან სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირის სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს საჯაროა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება, მოითხოვოს და გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ აღნიშნულ საჯარო ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს შესაბამისი დოკუმენტების ასლები. 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე  ყოველგვარი შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ კანონით. როგორც აღინიშნა, ხელმისაწვდომი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, განეკუთვნება სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას. 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად , საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან გამონაკლის, ისევ კანონით გათვალისწინებულ კონკრეტულ შემთხვევებში, არა უგვიანეს 10 დღისა. 

ნებისმიერი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც ადგენს განსხვავებულ წესს, ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს. შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაემორჩილოს კანონს. ნებისმიერი სხვაგვარი მოქმედება თუ განმარტება კი უკანონოდ უნდა ჩაითვლოს“, – განაცხადა იმედა დვალიძემ „აიპრესთან“ საუბრისას. 

ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც დავუკავშირდით იმის გასარკვევად, რატომ მიანიჭეს უპირატესობა პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებას და არა ადმინისტრაციულ კოდექსს. „აიპრესი“ ასევე ითხოვდა პასუხს იმაზე თუ რატომ გაფორმდა 3-7 აგვისტოს მივლინება 29 ივლისს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. აღნიშნეს, რომ თუ დამატებითი კითხვები გვქონდა საჯარო ინფორმაციით მიგვემართა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კითხვები საჯარო ინფორმაციის ნაწილს არ მიეკუთვნება, ჩვენ მაინც მივმართეთ ოფიციალური წერილით. მათ პასუხებს აღნიშნულ საკითხებზე მოგვიანებით, ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად