პრეზიდენტი: უნდა შევიგნოთ, რომ არც დაბადების დღის, არც სამწუხაროდ, ქელეხისა და ქორწილის გადახდის დრო არ არის

საქართველოს პრეზიდენტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პირადი მაგალითის საფუძველზე, საქართველოს მოსახლეობას დაბადების დღეებსა თუ თავყრილობებზე შეკრებების თავშეკავებისაკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ კორონავირუსით შექმნილი ვითარება, ქვეყნისათვის დიდი გამოწვევაა, რომელსაც ერთად უნდა გავუმკლავდეთ.

“მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც დღეს გამიხსენეთ და გაიხსენეთ ჩემი დაბადების დღე. დიდი მადლობა, რომ ასეთ მდგომარეობაში შეგიძლიათ გაიხსენოთ სხვა ადამიანები, ეს არის ჩვენი სიძლიერე.

ტრადიციულად, ჩემს დაბადების დღეს ჩემს ქალიშვილთან ერთად ვიხდი, რომელიც 24 მარტსაა დაბადებული, ის ამერიკაშია და სამწუხაროდ იქიდან ვერ ჩამოდის; მეორე შვილი, თეიმურაზი, პარiზშია, ისიც ვერ ჩამოდის და ამიტომ ვერ მოვახერხეთ, რომ ერთად, ოჯახურად გადამეხადა ეს დაბადების დღე. მაგრამ ეს დღევანდელ დღეს ბევრის ხვედრია. ვიცი, რომ ბევრი თქვენგანის ოჯახის წევრები სხვადასხვა ქვეყნებში არიან: იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში, სადაც ძალიან მძიმე პერიოდია. ვიცი, რომ თქვენ ყველა ფიქრობთ და სწუხხართ მათზე. მათი ნაწილი ჩამოვა ალბათ, ყველაფერს ვეცდებით, რომ ვისაც ჩამოსვლის სურვილი ექნება, საშუალებაც ჰქონდეს; მაგრამ ეს ძალიან მძიმე პერიოდია ყველასათვის.

მე ამას გიზიარებთ და მესმის, რომ ჩვენ ეს უნდა გადავიტანოთ. ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც ერთად, თუმცა დისტანციურად უნდა გავუმკლავდეთ.

ამ მიმართვით მინდოდა იმის მაგალითი მომეცა, რომ მე დღეს სახლში მეგობრებთან ერთად არ აღვნიშნავ დაბადების დღეს. უნდა შევიგნოთ, რომ არც დაბადების დღის, არც სამწუხაროდ, ქელეხისა და ქორწილის გადახდის დრო არ არის. ეს ყველაფერი ცოტა ხნით უნდა გადავდოთ და შემდეგ უფრო ბევრად სხვაგვარად გადავიხდით ყველაფერს. დღეს არა! დღეს არც მეგობრებთან არ უნდა შევიკრიბოთ! ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი მეგობრების მიმართ, რათა მათ არ შევუქმნათ საფრთხე, რადგან დღეს ნებისმიერი ჩვენგანი, ისე რომ შეიძლება არც ვიცოდეთ, ვიყოთ ვირუსის გადამტანი, ასე რომ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ახლობლებს, ოჯახს, მეზობლებსა და ჩვენი ქვეყნის ყველა მკვიდრს, ჩვენ ყველაზე ვართ პასუხისმგებელნი – მე, პირველ რიგში და თქვენ, ჩემთან ერთად!

მინდა ყველას, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ, გაგამხნევოთ, ეს მხოლოდ დროებითია, მაგრამ ის დრო რაც გასავლელია, ძალიან მნიშვნელოვანია! ჩვენ ძლიერები გამოვალთ იმ განსაცდელისგან, თუკი ამ საკითხს, როგორც ინდივიდუალური და ისე, კოლექტიური პასუხისმგებლობით მივუდგებით. ხვალინდელ დღეზე პასუხისმგებლობა კი ყველას ეკისრება, ეს უნდა შევიგნოთ და ეს ტვირთი ყველამ ერთად უნდა ვატაროთ! ძნელია, მომავალ დღეებში კიდევ უფრო რთული იქნება, მაგრამ საბოლოო გამარჯვება ჩვენი იქნება, თუ ერთად შევძლებთ მოვიქცეთ, როგორც ცივილიზებული ქვეყანა, უაღრესად ცივილური და პასუხისმგებლიანი ერი! მე ეს მჯერა, მჯერა თქვენი და საკუთარი თავის! ერთად ჩვენ შევძლებთ!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში, რომელიც სოციალური ქსელით გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად