პრეზიდენტი: ტყუილად ნურავინ ნუ იმუქრება, არ მოხდება მასიური გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს

მინდა პირველ რიგში მადლობა მოვახსენო სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც ჩაატარეს დღევანდელი ოპერაცია მაღალპროფესიონალურ დონეზე და მშვიდობიანად. სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები არ ჩამოიშალა და პირიქით გაძლიერდა… დაცულია საზღვარიც, ტერიტორიაც, წესრიგიც და კანონის უზენაესობაც. – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

“ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია სასიამოვნო არაა როცა ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე, თუმცა სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია.

ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას – პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასდროს.

იმიტომ რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდებოდა და ამ დღეს ვერ მოესწრო.

იმიტომ რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, რომელიც მამოძრავებდა როცა ვიდექი სწორედ ამ პიჯაკით და ვებრძოდით ერთად და შიშველი ხელებით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს… ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე თავის ძალაუფლების შენარჩუნებას შესწირა.
იმიტომ, რომ მან ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება მიიღო როცა მოქალაქეობა დატოვა.
და დღეს, როცა სახელმწიფო საზღვრის დარღვევით და კანონის დარღვევით შემოიჭრა ტერიტორიაზე და ამით სახელმწიფო სამართალდამცველი სტრუქტურების ავტორიტეტის შელახვა სცადა.

და რაც მთავარია იმიტომ, რომ აშკარად შემოვიდა, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაეთესა, ყველა საერთაშორისო რჩევების თუ გაფრთხილებების მიუხედავად, რაც მას ბოლო პერიოდში მიუვიდა.

აწი კანონი იკანონებს და იწყება ახალი ფურცელი საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის. არა რევანშის, არამედ პირიქით, დეპოლარიზაციის.

ტყუილად ნურავინ ნუ იმუქრება, არ მოხდება მასიური გამოსვლები, ქვეყანა დაიღალა და სამართალსა და სიმშვიდეზე ოცნებობს.

როგორც დღეს, ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო კანონიერების დაცვა, ასევე ამ ახალ ეტაპზე კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება ხელისუფლებას, რათა ეს ქვეყანა წაიყვანოს დემოკრატიული, ევროპული და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.

უნდა შეასრულოს ყველა დაპირება მიცემული საკუთარი მოქალაქეების და პარტნიორების წინაშე: იუსტიციის რეფორმების ბოლომდე მიყვანა და დეპოლარიზაცია, ევროპული რეფორმები, რათა ჩვენ 2024 წელს მართლაც შევძლოთ კანდიდატურის განცხადება.

დროა წარსულს ზურგი შევაქციოთ, დროა ყველა პარტიამ საკუთარი ადგილი მოიპოვოს პარლამენტში და ერთად და არა ერთმანეთის წინააღმდეგ ვაშენოთ ხვალინდელი ძლიერი საქართველო!” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. ის რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს.

კომენტარები
იტვირთება...